ევდოშვილი იროდიონ ისაკის ძე

ი. ევდოშვილი

ევდოშვილი (ნამდვ. გვარი – ხ ო ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი) იროდიონ ისაკის ძე [7 (19). V. 1873, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 2 (15). V. 1916, თბილისი], მწერალი. თელავის სას. სასწავლებლის დამთავრების (1890) შემდეგ სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც 1893 გარიცხეს. 1896-იდან იყო „მესამე დასის" წევრი. მონაწილეობდა 1905–07 რევოლუციაში. 1909 დააპატიმრეს, 1910 გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში, შემდეგ – ჩორნიიარში. 1912 მძიმედ დაავადებული დაბრუნდა თბილისში. ე-ის პირველი ლექსი „გუბე" 1893 დაიბეჭდა „კვალში". 1895–96 თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის გაზ. „ივერიასთან", რ-შიც გამოაქვეყნა პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა", მოთხრობები: „მიხა დალაქი", „სასუნელი ენოქი" და სხვ. ე. თავის ლექსებში [„ქარიშხალი", „ჩვენება", „მეგობრებს" (1895), „სიმღერა" (1900), „ჩემს მტერს" (1906) და მრავალი სხვ.] გამოხატავს გულისტკივილს სოც. უთანასწორობის გამო. ე-მა თარგმნა მუშათა საერთაშ. სიმღერები „ვარშავიანკა" და „მარსელიეზა". აქვეყნებდა პუბლიც.-სატირულ ფელეტონებსაც. პოემაში „მუზა და მუშა" (1905) ე-მა ხელოვნებას ხალხის სამსახური დაუსახა მიზნად. მშრომელთა ინტერესებისათვის ბრძოლა განსაზღვრავდა მისი პროზაული ნაწარმოებების („შადრევანი", 1898; „დანგრეული კერპი", „ციხეში", „გველების ყორე", სამივე 1905 და სხვ.) ხასიათს. ე-ის პოეზიაში („ღამე", „სიმღერა", „მსაჯულს", სამივე 1906; „ბრძოლის სიმღერა", 1907; „გასწი, იარე ეკლიანის გზით!", 1908 და სხვ.) იგრძნობა მომავლის რწმენა, თუმცა ზოგიერთ ლექსში („ისევ გოლგოთა", „მოღლილს", ორივე 1908; „გოლგოთაზე", 1909; „გატეხილი ჩანგი", 1915 და სხვ.) სევდიანი განწყობილებაც შეინიშნება. ე-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. საყმაწვილო ლიტ-რას, მისი მოთხრობები („ორი ობოლი", 1893; „კაკანათი", 1907; „უბედური ქორბუდა", 1911; „პირველი ყვავილი", 1914 და სხვ.) მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავდა. ე. კრიტ. რეალიზმის წარმომადგენელია. იგი ცხოვრების კრიტ. ასახვასთან ერთად მისი გარდაქმნის გზებსაც ეძებდა. შექმნა რევ.-დემოკრ. მწერლობის სკოლა და დიდი გავლენაც მოახდინა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდა მწერლებზე. ი. ჭავჭავაძის მკვლელობამ ე-ს რწმენა შეურყია ქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის მიმართ. იგი თავის ერთ-ერთ პირად წერილში (1911) წერს: „როდესაც ილიას მოხუც ნაჭირნახულევ გულს ტყვია დაახალეს, ეს ტყვია მეც მომხვდა... და აქ გაწყდა ჩემსა და მათ შორის შემაერთებელი ძაფი".

თხზ.: თხზულებანი, ტ. 1–3, თბ., 1935–37; რჩეული, თბ., 1974; უბედური ქორბუდა, თბ., 1987; რჩეული მოთხრობები, თბ., 2018. 

ლიტ.: ბარამიძე შ., იროდიონ ევდოშვილი : ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1985; გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  შ., დიადი განთიადის მომღერალი იროდიონ ევდოშვილი, თბ., 1974; ქარელიშვილი ე., იროდიონ ევდოშვილი, თბ., 1977; ჭ ი ლ ა ი ა  ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972.

შ. გოზალიშვილი