მელაძე ჰამლეტ ვარლამის ძე

მელაძე ჰამლეტ ვარლამის ძე (დ. 9. II. 1939, თბილისი), მათემატიკოსი, მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1961). იქვე მუშაობდა მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე უფრ. ლაბორანტად, ასისტენტად (1961-66). 1967-70 - ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში; თსუ-ში იყო კომპიუტერების მათ. უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის გამგე (1978-2006), შემდეგ - გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (1993-99); სოხუმის სახელმწ. უნ-ტისა და საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ინფორმატიკის მიმართულების პროფესორი (2006-20). არის სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის ინფორმატიკის განყ-ბის მთ. მეცნიერი მუშაკი (2006-იდან), განყ-ბის გამგე (2009-იდან) და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2018-იდან).
 
მ-ის სამეცნ. კვლევები მოიცავს გამოყენებითი მათემატიკის ფართო პრობლემატიკას: მაგნიტური ჰიდროდინამიკის ამოცანების სხვაობიანი სქემების აგება და კრებადობის კვლევა, არამკაფიო ლოგიკის გამოყენებით საწარმოთა გაკოტრების რისკის, მიწისძვრების ალბათობის შეფასება და სხვ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი (მ. შ. აზერბ. და რუს. ენებზე).
 
მ. არაერთი სამეცნ. ჟურნალის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრია; ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას; იყო საქართვ. ახალგაზრდა მეცნ. საბჭოს თავ-რე და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი (1975_86); ხელმძღვანელობს სტუდენტურ საერთაშ. ოლიმპიადას ინფორმატიკაში (2000-იდან), რისთვისაც დაჯილდოებულია ACM-ის (გამოთვლითი მანქანების ასოციაცია) მიერ.
 
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998); თსუ-ის სამეცნ. პრემია (2002); უკრაინის მათემატიკოსთა კავშირის მ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო ოქროს მედალი (2009).
 
თხზ.: მოდელი + ალგორითმი + პროგრამა = ინფორმატიკა. თბ., 2000 (თანაავტ.); გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში, თბ., 2003 (თანაავტ.).
 
ზ. გორგაძე