მელაანი

მელაანი, სოფელი კახეთის რეგიონის გურჯაანის მუნიციპალიტეტში (მელაანის ადმ. ერთ.), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე. ზ. დ. 750 . სათავო სოფელი, გურჯაანიდან 25 კმ, 1079 მცხ. (2014). 2020 მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
 
სოფლის ტერიტ-ზე ადამიანი უძველესი დროიდანაა დასახლებული.  არქეოლ.  მასალით მტკიცდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში სოფელსა და მის შემოგარენში ადამიანის  უწყვეტი ცხოვრების კვალი, რასაც ხელს მ-ის ბუნებრივი, მეურნეობის სხვადასხვა დარგისათვის ხელსაყრელი პირობები უწყობდა ხელს.  გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში მ-ში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსაგან გამოყოფილი ოთხი სამლოცველო ყოფილა. მკვლევრების (კ. ფიცხელაური) ვარაუდით, აქ რელიგიური ცენტრი არსებობდა. საინტერესოა ამ მხარის ტოპონიმიკაც:  მ., მელი-ღელე, გადრეკილი, რაც შესაძლოა საქართველოში გავრცელებულ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებების – „მელია-ტელეფიას“ და „ადრეკილაის“ სახელწოდებებს უკავშირდება.
 
XVI  ს. შუა  წლებიდან სოფ. ჭერემის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყო. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, თეიმურაზ  II-მ და ერეკლე  II-მ მ. ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს გადასცეს, პარალელურად სოფლის ყმა-მამულზე ცალკეულ ფეოდალთა (ანდრონიკაშვილები, მოურავისშვილები, ყარაბუდაღიშვილები)   უფლებებიც გავრცელდა. 1802  მ. ლეკებმა ააოხრეს.
 
სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლისა და წმ. მარინეს დარბაზული  ეკლესიები, სოფლის ჩრდ-ით  1 კმ-ზე – XVIII–XIX  სს. სამების გუმბათიანი,  დას-ით 2 კმ-ზე –  XIX  ს.  წმ. გიორგის დარბაზული, ხოლო 1,5 კმ-ზე, დიდთელებად წოდებულ ადგილზე – წმ. ბარბარეს ეკლესიები.
 
მ-ის მახლობლად მრავალი არქეოლ. ძეგლია (იხ. მელაანის არქეოლოგიური ძეგლები).
 
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1, თბ., 2013.