მელა

მელა (Vulpes), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ყველგან, ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში ინტროდუცირებულია. გვარში 12 სახეობაა.
 
საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელა (V. vulpes) 3 ქვესახეობით  (V. v. vulpes, V.v. alticola, V.v. alpherakyi).
 
სამხრეთის მ. ჩრდ. მ-თან შედარებით უფრო მკრთალი და მომცო ტანისაა, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობს სოროში, რ-საც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებს ბუნებრივ თავშესაფრებს — მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქცეული ხეების ფუღუროებს და სხვ. ხშირად სახლდება ადამიანის მახლობლად, გვხვდება დიდ ქალაქებში. აქტიურია დღისითაც და ღამითაც.  მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა — კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით.
 
იკვებება როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით, ასევე ფრინველებით, ქვეწარმავლებითა და მწერებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს. მათ 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში — 3-7 წელი.
 
მ. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს), ხელოვნურად ამრავლებენ. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.
 
რ. ავალიანი
 
ა. ბუხნიკაშვილი