მელა პომპონიუსი (I ს-ის I ნახ.), რომაელი გეოგრაფი. წარმოშობით ესპანეთის სამხრ. ნაწილში მდებარე ქ. ტინგენტერადან. დაახლ. 44 წ. დაწერა თხზულება "ქვეყნის აღწერილობის შესახებ", რ-იც 3 წიგნისაგან შედგება. შესავალში საუბარია კონტინენტებზე, რ-ებსაც გარს უვლის ოკეანე და მათ ხმელთაშუა ზღვის, წითელი ზღვის, სპარსეთის ყურის, კასპიის ზღვის ტოტებად ჰყოფს. შემდეგ მოცემულია ცნობები ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისა და სხვა ცნობილი სანაპირო სახელმწიფოების შესახებ. თხზულებაში არაფერია ნათქვამი ევროპის ცენტრ. ნაწილისა და აზიის შესახებ. მ. სარგებლობდა უპირატესად ძვ. ბერძნული წყაროებითა და რომაული რუკებით. იგი გადმოგვცემს ისტ. ხასიათის ცნობებს, რ-იც ძალზე ფასეულია, რადგან ავტორი თანამედროვე ან ახლო წარსულის ამბებს მოგვითხრობს. ქართულ ტომებზე მ. თხზულების პირველ წიგნში საუბრობს; "კასპიის უბის" (კასპიის ზღვის სამხრ.-დას. სანაპირო) ახლოს მცხოვრებთა შორის დასახელებული არიან ჰირკანები და ჰიბერები; ამაზონებისა და ჰიპერბორეების გვერდით (ჩრდ-ით) - კიმერიელები, აქეები, გეორგილები, მოსხები, კორსიტები; შავი ზღვის ახლოს მცხოვრებთა შორის - მატიები და ტიბარენები; ტაბარენების გვერდით - ხალიბები და მათი მნიშვნ. ქალაქები ამისოსი და სინოპე. მოსინიკებზე (მოსინები) ნათქვამია, რომ ისინი ცხოვრობდნენ ხის კოშკებში და ტანს სხვადასხა ნიშნებით იხატავდნენ. მ-ს ცნობით შავი ზღვის გამოყოლებით (აღმ-ით) ცხოვრობენ მაკროკეფალები, ბეხირები, ბიძერები. ამ მხარის "ბრწყინვალე ქალაქები" კი კერასუნტი და ტრაპეზო (ტრაპეზუნტი) იყო. ასახელებს აგრეთვე კოლხებს, რ-ებიც შავი ზღვის უკიდურეს აღმ. კუთხეში სახლობდნენ. იქ, სადაც სანაპიროს კლაკნილი წარმოქმნის პონტოს ყველაზე ვიწრო კუთხეს. აქ ჩამოდის ფასისი და გაშენებულია ამავე მდინარის სახელის მქონე ქალაქი, სადაც დგას ფრიქსეს ტაძარი. ოქროს საწმისის შესახებ ძველ თქმულებაზე დაყრდნობით იგი ფასისის კოლონიის დამაარსებლად თემისტაგორა მილეტელს მიიჩნევს (მკვლევართა დიდი ნაწილი მას ძვ. წ. VI ს-ში დაარსებულად მიიჩნევს). შავი ზღვის გარშემო მცხოვრებ სხვადასხვა ხალხს მ. პონტოელებს უწოდებს. ჰენიოხთა განსახლების საზღვრებში მოხსენიებული აქვს დიოსკურია, რ-საც იაზონის თანამეგზურების - კასტორის და პოლუქსის დაარსებულად თვლის. II წიგნში მ. აღწერს ჩრდ. კავკ. ხალხებს და სკვითებს, III წიგნში კი - სარმატებს. კასპიის ზღვის აღწერისას მოსხებს უკვე ჰირკანებისა და ალბანელების გვერდით ასახელებს. ბალკანეთის ნ.-კ-ის აღწერისას ადრიატიკის სანაპიროსთან მდებარე ქ. პოლას იაზონისა და მედეას მდევარი კოლხების დაარსებულად მიიჩნევს.
წყარო: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე ა., პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ, "ქართული წყაროთმცოდნეობა", 1965, [ტ.] 1.
ლიტ.: ი ნ ა ძ ე მ., ანტიკური ხანის ჩრდილოეთ კოლხეთის ქალაქების განვითარების ხასიათის საკითხისათვის, "საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე", 1959, ტ. 23, #6; ლ ო მ ო უ რ ი ნ., კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1962.
გ. ჩინჩალაძე