მეკოკიშვილი არსენ სპირიდონის ძე (12. IV. 1912, სოფ. გიორგიწმინდა, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 7. III. 1972, იქვე), სპორტსმენი, მოჭიდავე (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1951). იყო ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების (1952) და მსოფლიოს (1954) ჩემპიონი; სსრკ ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1945–46, 1948–53) და მეორე პრიზიორი (1947); სსრკ ჩემპიონი სამბოში (1940, 1947–52).
საქართვ. ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (1934–44); სსრკ ჩემპიონატის V ადგილის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (1943) და მეორე პრიზიორი აბსოლ. ჭიდაობაში (1944); სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV ფესტივალის ჩემპიონი (ბუქარესტი, 1953). უკანასკნელად იასპარეზა სსრკ ხალხთა პირველ სპარტაკიადაში (1956), სადაც 44 წლისამ დაამარცხა ყველა მეტოქე და ჩემპიონობა მოიპოვა. დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტ. ინ-ტი (1955).
მ. იყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძიმე წონოსანი. გამოირჩეოდა უდიდესი ფიზიკური ძალით, ხანგრძლივი და წარმატებული სპორტ. ბიოგრაფიით.
1963-იდან თამაშდება ა. მეკოკიშვილის სახ. თასი ქართულ ჭიდაობაში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.