მეკობრეობა საქართველოში, ზოგადად ეწოდებოდა ძარცვა-რბევას, რ-იც მკვლელობით მთავრდებოდა. იგი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში მეკობრეები გამოდიოდნენ ფეოდ. წარმოებაში ჩაბმის წინააღმდეგ, გაურბოდნენ მიწაზე მიმაგრება-დაყმევებას. მეკობრეს ზოგჯერ "ავაზაკიც" ეწოდებოდა, დაზარალებულს კი - "მიმძლავრებული".
მ. ყოველთვის არ ითვლებოდა ბოროტმოქმედებად. გვაროვნული წყობილების დროს იგი მხოლოდ გვარის შიგნით ითვლებოდა საძრახისად, ხოლო სხვა გვარის ძარცვა-რბევა დასაშვებად იყო მიჩნეული (ივ. ჯავახიშვილი).
ფეოდ. საქართველოში მ. ბოროტმოქმედებად მიაჩნდათ - სამართალი მკაცრად სჯიდა დამნაშავეს. XII ს. II ნახ-ში მ-ის საკითხი სახელმწ. დარბაზის მსჯელობის საგანიც კი გამხდარა. 1179 კანონით დარბაზს მეკობრეთათვის "ძელსა ზედა ჩამორჩობა" დაუწესებია. სახელმწიფომ დიდი ღონისძიებები გაატარა მეკობრეთა გამოსავლენად. მეკობრეებს განუკითხავად სჯიდნენ გზაჯვარედინებზე აღმართულ სახრჩობელებზე. გიორგი III-ის შიო მღვიმის მონასტრისათვის შეუვალობის ბოძების სიგელში (1170) მოხსენებულია მ-თან მებრძოლი "მპარავთმძებნელობის" უწყება და "სამპარავთმძებნელო" გადასახადი, ასევე საგანგებო მოხელეები - "ჩინებულნი" ანუ "მპარავთმძებნელები", რ-თაც მეკობრეების დევნა-გასამართლება ევალებოდათ. სომეხი ისტორიკოსი ვარდანი (XIII ს.) აღნიშნავს, რომ გიორგი მეფემ (გიორგი III) თავის ქვეყანაში მპარავი და მეკობრე მოსპო. ამასვე ამტკიცებს თამარის პირველი ისტორიკოსი. სხვა ცნობებით, მ-თვის XIII ს. შუა წლებში და შემდგომაც იგივე მკაცრი სასჯელი მოქმედებდა.
მ-ს ეხება გიორგი ბრწყინვალის "ძეგლის დადების" 43-44-ე მუხლები. მოგვიანებით, სვიმონ მეფის სიგელში (1590) მოხსენიებულია მეფის მეკობრისმძებნელი. ტერმინი "საკობრისმძებნელო" XVII-XVIII სს. ძეგლებშიც გვხვდება. მიუხედავად სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებისა, მ. მაინც ვერ მოისპო. მ. განსაკუთრებით გავრცელებული იყო მთიელთა შორის. მეკობრეები სოფლიდან სოფელში დიდი რაზმებით დაძრწოდნენ, იტაცებდნენ პირუტყვს, ნივთებს. განსაკუთრებით მეცხვარეებს აზარალებდნენ, რაც ფოლკლორში ე. წ. "მწყემსურ პოეზიასა" და მაგიურ შელოცვებშიც აისახა. მეკობრეთა დევნა-გასამართლება მთაში ადგილობრივ მოხელეს - ხევისბერს ევალებოდა.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952; მისივე, ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლი, «მოამბე», 1960, ტ. 1; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თხზ. თორმეტ ტომად), ტ. 7, თბ., 1984.
რ. მეტრეველი