მეკენჭია

მეკენჭია (Arenaria), ფრინველების გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) გვხვდება ჩვეულებრივი მეკენჭია (Arenaria interpres). გავრცელებულია ყველგან ზღვისპირეთში, ანტარქტიდის გარდა. ბინადრობს ველებზე, ტუნდრაში, ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 3−4 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. კრუხობს დედალ-მამალი. იკვებებიან პატარა უხერხემლოებით, რ-თა მოსაპოვებლად აბრუნებენ კენჭებსა და ქვებს (აქედანაა სახელწოდებაც) და გამორიყულ ზღვის წყალმცენარეებს, გაცილებით მცირე ოდენობით ჭამს კვერცხებს, მძორს, მცენარეულ საკვებს, გამრავლებისას - მწერებს, კიბოსნაირებს.

ა. ბუხნიკაშვილი