მეკელაინი (Meckelein) რიჰარდ გეორგ

მეკელაინი (Meckelein) რიჰარდ გეორგ (13. IX. 1880, სოფ. არნშტაინი, ბავარია, – 4. XI. 1948, ბერლინი), გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი. დაამთავრა ბერლინის უნ-ტი. 1914-იდან მუშაობდა ბერლინის (1919-იდან პრუსიის) სამეფო სახელმწ. ბ-კაში. 1921-იდან ბერლინის უნ-ტში კითხულობდა ქართ., რუს., პოლ., სამხრ. სლავური და ესპ. ენების კურსს. 1922 მ-ის ინიციატივით გერმანიაში შეიქმნა „რუსთაველის საზოგადოება“, ამავე წელს მან დააარსა ჟურნ. „მორგენლანდი“ („Morgenland“), რ-ის პირველი ნომერი მთლიანად საქართვ. და კავკასიას მიეძღვნა. მისივე თაოსნობით ბერლინში შეიქმნა გამომცემლობა „ახლო აღმოსავლეთი“, რ-შიც იბეჭდებოდა ქართ.-გერმ. კულტურული ურთიერთობის ამსახველი მასალები. 1919 მ-მა ბერლინში გამოსცა წიგნი „ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში და პრუსიის წიგნსაცავში არსებული ქართული გრამატიკისა და ლექსიკონების ბიბლიოგრაფია“. მასვე ეკუთვნის „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის“ (გამოიცა ბერლინში 1918, 1922 და 1931), „ქართულ-გერმანული სიტყვანი“ (ბერლინი – ლაიფციგი, 1928), „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“ (ნაწ. 1, ბერლინი, 1937; ნაწ. 2, ლაიფციგი, 1943).
 
ლიტ.: იმნაიშვილი ვ., რიხარდ მეკელაინი, თბ., 2006; ჭიჭინაძე ს., უცხოელი მეგობარი, თბ., 1970.
 
ს. ჭიჭინაძე