მეითოვი  (მეჰთიევა) თინათინ (ნარგილე) ნაბის ასული

მეითოვი  (მეჰთიევა) თინათინ (ნარგილე) ნაბის ასული (დ. 3. VI. 1980, სოფ. ქსანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი), საქართველოში პირველი პროფესიონალი აშუღი ქალი, საზზე დაკვრის ვირტუოზი. 1997-2000 სწავლობდა ბაქოს სახელმწ. კონსერვატორიაში ხალხ. საკრავების ფაკ-ტზე (პედ. ი. იმამვერდიევი). აღიარებულია აშუღად. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. მ. არის მირზა-ფათალი ახუნდოვის მუზეუმთან არსებული აზერბ. კულტ. ცენტრის პედაგოგი (საზი); იქვე მ-მა  დააარსა ბავშვთა ანსამბლი „მეიდანი“. პარალელურად აგრძელებს საშემსრულებლო მოღვაწეობას. ხშირად მართავს სოლო კონცერტებს აზიისა და ევროპის ქალაქებში. საქართვ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავს აზერბაიჯანული გადაცემა „ხაზინა“. ასრულებს სხვადასხვა აშუღური ჟანრის (დილგამი, შიქასტა, რუჰანი, თაჯნი, მანსარი, ზარნიჯი, მუხამბაზი გამაჩი, შარილი და სხვ.), აგრეთვე თბილისში გავრცელებული სხვადასხვა სტილის სიმღერებს, მაგ., ტუჩდაუდებელს (ვერბალური ტექსტის იმპროვიზაციულად წარმოთქმა, როცა ტუჩი ტუჩს არ ეხება, რ-საც თბილისში მხოლოდ მ. ასრულებს). მ-ის  რეპერტუარშია 72 აშუღური ჰანგი.  არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი; საქართვ. ქალთა საბჭოს, აგრეთვე აზერბაიჯანელ ქალთა კავშირისა და აშუღთა საზ-ბის წევრი. 
 
ქ. ბაიაშვილი