მეიდანი

მეიდანი, მაიდანი, ქვემო მეიდანი, თათრის მოედანი, ციხის მეიდანი, შაითან ბაზარი, მდებარეობდა ძვ. თბილისში, ახლანდ. ვახტანგ გორგასლის მოედნის ადგილას. მ. ქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო, რ-ის ირგვლივ განლაგებული იყო სავაჭრო და სახელოსნო დუქნები, ზარაფხანა. მ-ს მართკუთხა ფორმა ჰქონდა. აქ თავს იყრიდა მრავალი ქუჩა, რ-ებიც მ-ს აკავშირებდა აბანოს კართან, შუა ბაზართან, რასტაბაზართან, კლდის უბანთან და სხვ. მ-ის ჩრდ.-დას. მხარე ალაფხანას ეკავა, სამხრ.-აღმ. - მეხაშეებს და სამეფო დუქნებს. ამ რიგების უკან "ბერძენხანა" (ბერძნების უბანი) იყო ცენტრში ბერძნული ეკლესიით. სამხრ.-დას-იდან მ-ზე გამოდიოდა ციხის დიდი საყდარი - "სურფგეორქა", რ-ის წინ მენაბდეებისა და მექუდეების დუქნები იყო. ამ მხარეზე მოედანს ერწყმოდა ლილახანა. მ-ზე თავთავიანთი ადგილები ეკავათ აგრეთვე მეთევზეებს, ბაყლებს, ყასბებს. მ-ის შუაგულში გამართული ყოფილა დიდი სასწორი - ყაფანი, საიდანაც საქონელი ქალაქის მცხოვრებთ და ვაჭრებს ურიგდებოდა. აქვე იდგა ე. წ. შაჰ-ისმაილის მეჩეთი (შიიტების). მ-იდან მტკვარზე გადებული იყო ავლაბრისა და მეტეხის ხიდები.
 
ლიტ.: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; პოლიევქტოვი მ., ნათაძე გ., ძველი თბილისი, თბ., 1930.
 
გ. ჩინჩალაძე