მეთუთეობა

მეთუთეობა,  მემცენარეობის დარგი, რ-იც  მოიცავს თუთის ხის მოვლა-გაშენებისა და სარგავი მასალის (თესლნერგი,  ნერგი) წარმოებას. მ. გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ამერიკაში,  სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვაში,  რუსეთში, უკრაინაში. თუთის ხის ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოც ითვლება. არქეოლ. განათხრებში თუთის  ფოთლის  ნარჩენებისა და ანაბეჭდების  არსებობით დასტურდება, რომ თუთის ხე საქართვ. აღმ. ნაწილში გავრცელებული  იყო  მეოთხეული პერიოდის დასაწყისში. მ. დამოუკიდებელ მეცნიერებად XX ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. მ-ის დარგში საყოველთაოდაა აღიარებული მკვლევრების - ა. ფიოდოროვის, ი. აბდულაევის, კ. რაჰმანბერდიევის, მ. შაბლოვსკაიას, ა. კაფიანის, გ. ჯაფარიძის და სხვათა ნაშრომები.
 
თუთის ხეს ამრავლებენ თესლითა და ვეგეტატიურად. 1 ჰა-ზე  ითესება 10-20 კგ თესლი. სარწყავ  პირობებში სანერგეში 1 ჰა-ზე 600-800 ათ. თესლნერგს და 32-35 ათ. ნერგს  ღებულობენ. ფოთლის მოსავალი 1 ჰა თუთის ბუჩქოვანი პლანტაციიდან არის 9-10 , ხოლო შტამბიანი ზრდასრული 1 მცენარიდან - 10-15 კგ. მ. კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუში, მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება და  ფულადი შემოსავლის  მნიშვნელოვანი წყაროა. აბრეშუმის პარკი, გრენა, ქსოვილი და სხვა  ნაწარმი უნიკალური საექსპორტო პროდუქციაა. ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს  თუთის არსებული ნარგაობის გაახალგაზრდავება, მ-ის  ბაზაზე სასელექციო სადგურის აღდგენა, მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის საკვები ბაზის გაფართოება, დაბალშტამბიანი თუთის  როგორც ბაღების, ისე ერთეული ნარგაობის  გაშენება. ამ ღონისძიებების  ჩატარება უზრუნველყოფს რეგიონებში ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.
 
გ. ზვიადაძე
 
ლ. გოგინავა