მეზოლითი

მეზოლითი (Mesos..., და ...Litos), შუა ქვის ხანა, პალეოლითიდან ნეოლითზე გარდამავალი ეპოქა. მ-ის დასაწყისი ემთხვევა გამყინვარების უკანასკნელი სტადიის დასასრულს. ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებული იყო ისეთივე ჰავა, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო, როგორიც თანამედროვე ეპოქაში გვაქვს. ევროპაში მ. იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოკარბონული მეთოდით), ჩრდ. რ-ნებში 6-5 ათ. წლის წინ, ახლო აღმოსავლეთში კი - 12-9 ათ. წლის წინ. ადამიანი ეწეოდა ნახევრად ბინადარ ცხოვრებას; ძირითადი დამახასიათებელი იარაღია მიკროლითი; ფართოდ გავრცელდა პრიზმული, კონუსური და ბრტყელი ფორმის მიკროლითური ნუკლეუსები, ლამელთა და მიკროწვეტანების სხვადასხვა ტიპი, აგრეთვე მშვილდ-ისარი და ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებული იარაღი. თიხის ჭურჭელი გაჩნდა მ-იდან ნეოლითზე გარდამავალ პერიოდში. მეურნეობის ძირითადი დარგები იყო ნადირობა, აგრეთვე თევზჭერა, შემგროვებლობა (მ. შ. მოლუსკებისაც). ცალკეული მეზოლითური ტომები (მაგ., ძვ. წ. X-VIII ათასწლ. ნატუფიის კულტურის ტომები) ცდილობდნენ ხელოვნურად მოეყვანათ მარცვლეული. დროებითი საცხოვრებლებისაგან შემდგარი მეზოლითური ნამოსახლარების უმრავლესობა დიუნებსა და ტორფნარებში იყო განლაგებული. ნაპოვნია ნიჟარების გროვები, ზოგ ნამოსახლართან - სამაროვნებიც. მეზოლითური კულტურები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია: აზილის კულტურა და ტარდენიუს კულტურა (დას. ევროპა); მაგლემოზე და ერტბელე (ჩრდ. ევროპა); სებილის კულტურა ნილოსის ველზე; კაფსის კულტურა (სამხრ. აფრიკა); ჰოაბინის კულტურა (სამხრ.-აღმ. აზია) და სხვ. ქვის იარაღები უფრო დახვეწილი გახდა; ქვის თლამ და დამუშავებამ ადრინდელი მტვრევის და წამახვის მეთოდები შეცვალა. იწყება მთის ზოლის ათვისება. ზოგი არქეოლოგი არ იყენებს ტერმინ მ-ს და ადრინდელ მეზოლითურ ძეგლებს აკუთვნებს ეპიპალეოლითის, გვიანდ. მეზოლითურს კი - პროტონეოლითს ანუ უკერამიკო ნეოლითს.

საქართველოში თავისებური მეზოლითური იარაღები გვხვდება: მიკროწვეტანები, გვერდებდაბლაგვული მიკროლამელები, თავირიბრეტუშიანი ლამელები, სახვრეტები, აგრეთვე თავამოღარული, გვერდამოღარული და დაკბილული იარაღი. დიდი რაოდენობითაა ასიმეტრიული იარაღი. საქართვ. მეზოლითური ხანის ძეგლებია ეძანი, ზურტაკეტი, საგვარჯილე, ჩახათა, ქვედი, ბანეთურა, ჯერმუხი, სელო, წონა, კუდარო, პიჩიჯინი, ნაგუთნი, შავი მღვიმე, ქვაჭარა, იაშთხვა, ენწერი, ჯამპალი, ცივი მღვიმე და სხვ. მ-ის პერიოდი საქართველოში მოიცავს დაახლ. ძვ. წ. XII-VIII ასაწლეულებს.

მ. გაბუნია