მედულაშვილი ზეზვა ნიკოლოზის ძე

მედულაშვილი ზეზვა ნიკოლოზის ძე (20. XII. 1939, სოფ. არაშენდა, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 30. IV. 2018, თბილისი), არმენოლოგი, მწერალი, მთარგმნელი. 1962 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი არმენოლოგიის განხრით და მუშაობა დაიწყო იქვე, არმენოლოგიის კათედრაზე. 1974-იდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთ. სარედაქციო კოლეგიაში. ფლობდა სპარსულ, თურქულ, აზერბ., გერმანულ და სხვ. ენებს. მ-ის თარგმანები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველი თარგმანი დაიბეჭდა  ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“ (1961), თარგმანების პირველი კრებული – 1971. მიღებული აქვს ე. ჩარენცის (1968, სომხ.), ი. მაჩაბლის (1987), საბას (2004; აზერბ. ეპოსის `ქოროღლის~ თარგმანისთვის. გამოიცა 2003 და 2010), ნ. ნაჯაფოვის (2008, აზერბ.), ზ. ხალილოვის (2012, აზერბ.), საიათნოვას (2018; გარდაცვალების შემდეგ) სახ. ლიტ. პრემიები.
 
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001), მინიჭებული აქვს ქართ. კულტურის დესპანის წოდება (2012).
 
თხზ.: ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი, თბ., 2010; აღმოსავლური მზეჭრელი, თბ., 2018; მზისა და ლექსის უმაღლესობა, თბ., 2020. 
 
ი. აბაშიძე