მედუდუკე

მედუდუკე (Bombycilla garrulus), მგალობელი ფრინველი ბეღურასნაირთა რიგის მედუდუკესებრთა ოჯახიდან. სხეულის სიგრძეა 18–23 სმ, მასა 60–67 . აქვს მკვეთრად გამოხატული ქოჩორი. შეფერილია მოვარდისფრო-რუხად, გასდევს ყვითელი და თეთრი ზოლები; ფრთები, კუდი, ყელი და თვალის მიდამოები შავია. მეორეხარისხოვანი საქნევი ბუმბულის წვერები გადაქცეულია მცირე, კაშკაშა წითელ ფირფიტებად (შესამჩნევია მხოლოდ ახლოდან). კუდის კიდეზე გასდევს ყვითელი ზოლი, ფრთებზე ვიწრო თეთრი ზოლებია. მისი გალობა ჰგავს დუდუკის ხმას. ფრენს სწრაფად და სწორხაზოვნად.

მ. ფართოდაა გავრცელებული ჩრდ. ნახევარსფეროს ტაიგის ტყის, გამეჩხრებული წიწვოვნებისა და შერეული ტყის ზონების ტერიტორიაზე, მთის კალთებზე შეფენილ მცენარეულობაში, ნაკაფ ადგილებში. საგრძნობ ყინვებამდე ანდა თოვლის მოსვლამდე სამხრ-ით გადაფრენა არ იცის. ზამთარში მ-თა გუნდი (1000-მდე ფრინველი) მომთაბარეობს. საქართველოში იშვიათად შემომფრენია, გვხვდება ზამთარში 8-10 წელიწადში ერთხელ. ზაფხულში იკვებება მწერებით და ობობებით, დანარჩენ დროს _ მცენარეულობით. ბუდეს ძირითადად იკეთებენ ხეზე, მასალად იყენებენ ტოტებს, ხავსებს, ლიქენსა და ბალახის ღეროებს. მაისის ბოლოს დედალი დებს 4-5 კვერცხს; სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 13 წელს შეადგენს.

ა. ბუხნიკაშვილი

მ. კუტუბიძე