მედლები, მედალი

მედლები, მედალი (ფრანგ. médaille, ლათ. Mettalum – მეტალი), განსაკუთრებული ნიშანი, რომელსაც უშვებენ რაიმე ისტორიული ან პოლიტიკური მოვლენის აღსანიშნავად, ან გამოჩენილი მოღვაწის პატივსაცემად. ატარებენ მკერდზე მიმაგრებულს ან ლენტით კისერზე. არსებობს ასევე სამაგიდო და საკედლე (მემორიალური) მ. მედალი ჯილდოს სახით პირველად გამოიყენეს იტალიაში XIV ს-ში.

მედალი მზადდება ლითონის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და სხვ.) ან სხვა მასალისაგან (მარმარილო, ფაიფური, მინა, პლასტმასა) მონეტის, რომბის, ვარსკვლავის ფორმით და სხვ. მედლის ორივე მხარეს მოთავსებულია რელიეფური წარწერები და გამოსახულება. მედალს აქვს ავერსი – წინა მხარე, რევერსი – უკანა მხარე და გურტი – კიდე.

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართვ. კანონის (2018) თანახმად, მედალი საქართვ. სახელმწიფო ჯილდოს ფორმაა. არსებობს ასევე შიდაუწყებრივი მ. და მედალიონები, რ-ებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების სამართლებრივი აქტით.

მედლის აღწერილობას განსაზღვრავს და მის ნიმუშს ამტკიცებს პრეზიდენტი საქართვ. კანონით „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (2019).

მ. გადაეცემათ სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის, დემოკრ. სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანის, ქართ. კულტურისა და მეცნიერების განვითარებისა და სხვა დამსახურებისათვის, აგრეთვე სამოქალაქო თავდადებისათვის, მხედრული მამაცობისა და საბრძოლო დამსახურებისათვის. მედალთან ერთად პირს ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი.

სახელმწ. ჯილდოს სახით გადაცემული მედლის ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართვ. პრეზიდენტს დაჯილდოებული პირის მიერ საქართვ. სახელმწ. ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართვ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან საქართვ. სახელმწ. ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით.

მ. დაწესებული აქვთ აკად., სამეცნ., სასწ. ორგანიზაციებს.

თსუ-ის აკად. საბჭოს 2014 დადგენილებით დამტკიცებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლის მინიჭების პირობები და წესი, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში წარჩინებული მოსწავლეების წახალისების მიზნით, საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნ. სასწავლო გეგმის საფუძველზე დაწესებულია ოქროსა და ვერცხლის მ.

მ-ით ჯილდოვდებიან ოლიმპიადაზე ან სხვა სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებიც. ოლიმპიური მ-ის კომპლექტი შედგება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მ-ისგან.

საქართვ. თავდაცვის მინისტრის 2018 წ. 29 ივნისის № 60 ბრძანებით დამტკიცებულია საქართვ. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლის შემდეგი ნიმუშები:

მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის~ (I, II და III ხარისხი) ჯილდოვდება საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხ. მოსამსახურე, შესაბამისად 15-, 10- და 5-წლიანი უანგარო სამსახურისათვის.

მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ ჯილდოვდება:

ა) სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეც. წოდების მქონე პირი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის;

ბ) სამხ. მოსამსახურე, საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის.

მედლით ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეციალური წოდების მქონე პირი საქართვ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მედლით ,,საბრძოლო იარისათვის“ ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეც. წოდების მქონე პირი საბრძოლო დავალების შესრულებისას და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მიღებული ჭრილობებისა ან სხეულის სხვა სახის დაზიანებებისათვის.

მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ ჯილდოვდება ოფიცერი, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.

მედლით ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეც. წოდების მქონე პირი:

ა) საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირების ან დაჭრილი სამხ. მოსამსახურეების გადარჩენისთვის;

ბ) მშვიდობიანობის პერიოდში უბედურების ზონაში დარჩენილი ადამიანების საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენისთვის;

გ) სიცოცხლისათვის საშიში ქიმ., რადიოაქტიური და ფეთქებადი ნივთიერებების გაუვნებელყოფისთვის, რითაც თავიდან აიცილეს ადამიანების მსხვერპლი;

დ) სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამხ. მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისათვის.

მედლით ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე, სახელმწ. სპეც. წოდების მქონე და სამოქალაქო პირი სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეული მონაწილეობისთვის.

მედლით ,,გენერალი მაზნიაშვილი“ ჯილდოვდება ოფიცერი, წარმატებული სამხ. ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

მედლით ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის" ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე, სახელმწ. სპეც. წოდების მქონე და სამოქალქო პირი სტიქიური მოვლენების ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების დროს, აგრეთვე მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის.

მედლით ,,დიდგორის ჯვარი“ ჯილდოვდება სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეც. წოდების მქონე პირი საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადასარჩენად გამოჩენილი მამაცობისათვის.

მედლით ,,გიორგი ანწუხელიძე‘‘ ჯილდოვდება უმცროს, უფრ. და მთ. სერჟანტთა შემადგენლობის სამხ. მოსამსახურე და სახელმწ. სპეც. წოდების მქონე პირი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს:

ა) საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდ. მამაცობისათვის;

ბ) სწავლების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის.

საქართვ. დაზვერვის სამსახურის უფროსის 2012 წ. 9 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებულია საქართვ. დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მ-ები, მათი აღწერილობა და დაჯილდოების წესი:

მედლით „ღირსების ჯვარი“ ჯილდოვდება მოსამსახურე, სადაზვერვო საქმიანობაში თავდადებისა და კონკრეტული პირადი მიღწევებისათვის, ასევე მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის.

მედლით „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ ჯილდოვდება საქართვ. დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი, მის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებით დამტკიცებულია სამკერდე ნიშანი, სამინისტროს მედალიონი და მედლის ნიმუშები, ასევე დაჯილდოების წესი. მედლით „მამაცობისათვის“, ასევე სამინისტროს I და II ხარისხის მ-ებით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან: სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რ-თაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რ-თა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.

ი. უჯმაჯურიძე