მედრესე

მედრესე, მ ა დ რ ა ს ა, მეჩეთთან არსებული საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ასწავლიან სუნიტური ისლამის რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებენ სასულიერო (ყადი, მუფტი, ხატიბი) და საერო მოხელეებს.

მ. საინტერესოა აგრეთვე როგორც არქიტ. ნაგებობის ტიპი, ის X-XI სს. ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმ. ნაწილში (ნიზამიესი, ბაღდადი, XI ს.). XII_XIII სს-იდან მ-ები ააშენეს ახლო აღმოსავლეთში (ალ-ნურია ალ-ქაბურას მ. დამასკოში, XII ს.), XIII-XIV სს-იდან კი - აფრიკის ჩრდ. ნაწილში (ჰასანის მ. კაიროში, XIV ს.).

მ. წარმოადგენს 1- ან 2-სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, აუდიტორიებს. სხვადასხვა მხარის მ-ები ერთმანეთისგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით. მ-ს უხვად ამკობდნენ ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. ცნობილია ბუ-ინანიის მ. ფესში (XIV ს.), ულუღბეგის - სამარყანდში (XIV ს.), მირიარაბისა - ბუხარაში (XVI ს.).

პირველი მ. გაჩნდა X ს-ში ირანში (ქ. ნიშაბურში), შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში ცენტრ. აზიიდან ესპანეთამდე. მ-ების სისტემამ განსაკუთრებული ორგანიზებული სახე მიიღო ოსმალეთის იმპერიაში; XV-XVI სს-ში აქ ჩამოყალიბდა კლასიკური ოსმალური მ-ს სანიმუშო სისტემა, ობოლი ბავშვებისთვის გაიხსნა დაწყებითი სკოლები. მათგან არაერთი იყო რევოლუციამდელ რუსეთში მუსლიმებით დასახლებულ რ-ნებში (ცენტრ. აზია, ვოლგისპირეთი).

ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ საქართვ. სამხრ. ნაწილში მ-ები, როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბათუმის, ქობულეთის, ქედის, ხულოს და სხვ. მ-ები.

საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის და საბჭ. სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად, 1928-თვის საქართველოში მ-ები აღარ მოქმედებდა.
XX ს. 60-იანი წლებიდან მრავალ მუსლიმურ ქვეყანაში მოქმედებს საერო და სასულიერო მ.

საბჭ. კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ნელ-ნელა დაიწყო მ-ების შექმნა და დღეს ისინი თითქმის ყველა იმ რეგიონშია, სადაც მუსლიმთა პროცენტული რაოდენობა მაღალია (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და მარნეული; სულ - 30-35-მდე მ.).

თანამედროვე მ-ები ძირითადად პანსიონებია, სადაც ბავშვები სკოლის გაკვეთილებსაც ამზადებენ და თან ლოცულობენ. ისინი სწავლობენ თავიანთ რელიგიას (ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაღება და სხვა სარწმუნოებრივი საკითხები), თუმცა უფრო მეტი დრო ეთმობა სკოლის გაკვეთილებს. მ-ები სრულად უზრუნველყოფენ მოზარდებს კვებით, განათლებით და საცხოვრებლის პირობებით.

მ. სწავლის დამადასტურებელ ოფიც. დოკუმენტს არ იძლევა, მაგრამ მათი სერტიფიკატით შესაძლებელია დასაქმება სხვა მ-ში ან ისლამურ ორგანიზაციებში. განათლების სამინისტროსთან ერთად იგეგმება მოსწავლეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა მ-ს დამთავრების შემდეგ.

მ-ების მოსწავლეთათვის სასწ. ლიტ-რას უშვებს სრულიად საქართვ. მუსლიმთა სამმართველოს განათლების განყ-ბის წიგნის გამომცემლობა.

მ-ები არასამთავრობო ორგანიზაციებია და ძირითადად სხვადასხვა შემოწირულობით ფინანსდება.

2013 მარნეულის ცენტრში გაიხსნა ხანუმ ზაჰრას მ. (სახელი წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილს, ფატიმა ზაჰრას უკავშირდება, რაც არაბულად „ბრწყინვალეს“ ნიშნავს). ეს უფრო საკვირაო სკოლაა - ასწავლიან ყურანს და ისლამურ თეოლოგიას. დაქორწინებული მუსლიმი ქალები, რ-ებმაც სკოლის დამთავრება ვერ მოახერხეს, ხშირად სწავლის გასაგრძელებლად მ-ში მიდიან.

თ. ალიბეგაშვილი