მემედ-აღა ჩაქველი (დაახლ. XVIII ს. 90-იანი წლების დამლევი, – XIX ს. 80-იანი წლების დამდეგი), ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, აჭარელ შერვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ანტირუს., პროოსმალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
მ.-ა. ჩ. XIX ს. 20-იან წლებში იყო ჯავახეთის სანჯაყ-ბეგი, ერთხანს ხელმძღვანელობდა დაღესტნელთა რაზმებს, რ-ებიც თავს ესხმოდნენ ქართლს. 1828-იდან (ახალციხის ფაშა ახმედ ხიმშიაშვილის ზეობის დროს) იყო საფაშოს მეჯლისის წევრი და ხაზინადარი. 1829 ახალციხის ფაშას სახელით მოლაპარაკება გამართა რუს. იმპერიის წარმომადგენელთან, თავად ვ. ბებუთოვთან. მოლაპარაკების უმთავრესი საკითხი ეხებოდა აჭარის რუსთა გამგებლობაში გადაცემას. 1829 აგვისტოში ბარონ ოსტენ-საკენის ლაშქართან შეტაკებისას ხელმძღვანელობდა ზემო აჭარისა და ახალციხის ჯარს. დამარცხების შემდეგ ხიმშიაშვილთა ოჯახს შეაფარა თავი და იქვე ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.
ლიტ.: გოგოლაური რ., სამცხე-ჯავახეთი მე-19 საუკუნის პირველ მესამედში, ახალციხე, 2018; ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), ახალციხე, 2011; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა–III. ბათ., 2009.
ლ. ურუშაძე