მემკვიდრეობის სამართალი

მემკვიდრეობის სამართალი, ნორმათა ერთობლიობა, რ-იც აწესრიგებს გარდაცვლილი პირის – მამკვიდრებლის ქონებრივი უფლება-მოვალეობების გადასვლას მის მემკვიდრეებზე.

მემკვიდრეობის ინ-ტი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ისტორიულად მ. ს-მა განვითრების სამი ძირითადი სტადია განვლო. თავდაპირველად მემკვიდრეთა წრეს მთელი გვარი შეადგენდა. განვითარების მომდევნო ეტაპზე მემკვიდრეობა გვარში არსებულ დიდი ოჯახების წრეზე, ბოლოს კი – მონოგამიური ოჯახის წევრებზე ვრცელდებოდა.

სამართლის განვითარების ადრეულ სტადიაზე (განსაკუთრებით ისლამურ სამართალში), სამკვიდრო ქონების განკარგვაზე დიდ გავლენას ახდენდა რელიგია.

საქართველოში მ. ს. ადრეფოდალურ ხანაში წარმოიშვა. ფეოდალური მ. ს-ის მნიშვნელოვანი წყარო იყო სასამართლო პრაქტიკა. გამოიკვეთა დაღმავალი ხაზის ნათესავთა სამემკვიდრეო უფლებები, მამკვიდრებლის მემკვიდრე იყო მასთან მცხოვრები აღმავალი ხაზის ნათესავიც. ვაჟიშვილები სრულყოფილი მემკვიდრეები იყვნენ, შედარებით შეზღუდული იყო ქალიშვილთა სამემკვიდრეო უფლებები, ხოლო უკანონოდ შობილთა (ნაბიჭვართა) უფლებები – უკიდურესად შეზღუდული. უმკვიდრო (ბეითალმანი) ქონება სახელმწიფოს გადაეცემოდა. ქართულ მ. ს-ის განვითარებაში განმსაზღვრელი იყო კანონისმიერი მემკვიდრეობა, ანდერძით მემკვიდრეობა  არასოდეს გამორიცხავდა კანონისმიერ მემკვიდრეობას.

თანამედროვე მ. ს-ის წყაროა საქართვ. სამოქალაქო კოდექსი.  გარდაცვლილი პირის ქონება მემკვიდრეებზე გადადის კანონის ან/და ანდერძის საფუძველზე. სამკვიდროს წარმოადგენს მამკვიდრებლის ქონება, რაც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, ასევე მოვალეობები სხვათა მიმართ. პირადი ხასიათის უფლებები და ვალდებულებები, რაც მხოლოდ მამკვიდრებელს აქვს, სამკვიდროში არ შედის.

კანონით მემკვიდრეობის წესი მოქმედებს, თუ გარდაცვლილს არ დაუტოვებია ანდერძი, თუ ანდერძი არ შეეხება მთელ სამკვიდროს ან ბათილია.

კანონით მემკვიდრე შეიძლება იყოს ჩანასახიც (მამკვიდრებლის შვილი, რ-იც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადება – კანონისმიერი მემკვიდრეობისას, ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის შემთხვევაში, ასევე სხვა ნებისმიერი ცოცხლად დაბადებული პირი).

არსებობს კანონით მემკვიდრეობის 5 რიგი. წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. I რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები (ნაშვილები), გარდაცვლილის შვილი, რ-იც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები (ასევე მათი შვილები) კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროს ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რ-იც მემკვიდრე უნდა ყოფილიყო;

II რიგის მემკვიდრეები არიან: დები და ძმები; III რიგის მემკვიდრეები –  ბებია და პაპა; IV რიგის მემკვიდრეები – ბიძები, დეიდები, მამიდები; V რიგის მემკვიდრეები – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები.

ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისთვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ნებისმიერ პირს.

ანდერძი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. ის შეიძლება დაამოწმოს ნოტარიუსმა ან პირმა დაწეროს და ხელი მოაწეროს (შინაურული ანდერძი).  ტექნიკური საშუალებით შედგენილი და მოანდერძის მიერ ხელმოწერილი ანდერძი უნდა დაამოწმოს ორმა მოწმემ. მოანდერძეს შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი. ერთობლივი ანდერძი შეუძლიათ შეადგინონ მხოლოდ მეუღლეებმა ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ. მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რ-იც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. მემკვიდრეს ანდერძით შეიძლება დაეკისროს რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდრო ქონების ხარჯზე (ლეგატი).

პირი, რ-იც  განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს მიერ შეიძლება აღიარებულ იქნეს უღირს მემკვიდრედ.

სამკვიდრო მიიღება სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალებასთან (სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება) დაკავშირებით. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეობის უფლების მქონე პირმა უნდა მიმართოს ნოტარიუსს.  სავარაუდო მემკვიდრე, რ-იც სამკვიდროს მიღების ვადაში არ გამოცხადდება ნოტარიუსთან, მაგრამ დაეუფლება სამკვიდრო ქონებას, შეინარჩუნებს სამკვიდროს მიღების უფლებას.  

უმკვიდრო ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა და სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა  – მათ საკუთრებაში.

წყარო: ზ ო ი ძ ე  ბ., ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბ., 2000; ლ ო ბ ჟ ა ნ ი ძ ე  გ., რომის სახელმწიფო და სამართალი, ნაწილი II – რომის სამოქალაქო (კერძო) სამართალი, ქუთ., 2009; ; ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი  გ.,  რომის სამოქალაქო სამართალი, მეორე გადამუშ. გამოც., თბ., 2005;  ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად.  ტ. 7, თბ., 1984.

ი. უჯმაჯურიძე