მემუარები

მემუარები (ფრანგ. memoires <ლათ. memoria – ხსოვნა, მახსოვრობა), ლიტერატურული ნაწარმოები, რ-შიც მოთხრობილია წარსულის რეალური მოვლენები, რ-თა მონაწილე ან მხილველი თვით ავტორი იყო. მ-ში თხრობა პირველი პირითაა გადმოცემული, ქრონოლოგიურად, ფაქტების მიხედვით ის უახლოვდება დღიურებს, ისტ. პროზასა და მეცნ. ბიოგრაფიას. მსოფლიოს მემუარული ლიტ-რის მნიშვნელოვანი ძეგლებია: ჟ.-ჟ. რუსოს „აღსარება“, კ. ა. სენ-სიმონის „მემუარები“, ა. გერცენის „ნამყო და ფიქრები“, ი. ვ. გოეთეს, მ. გორკის, ა. ბელისა და სხვათა მემუარები.

ძვ. ქართ. მემუარული ლიტ-რიდან საყურადღებოა გაბრიელ მცირის (XVIII ს. II ნახ.) „მემუარული თხრობანი“ (კრ. „XVIII ს. ქართული მწერლობის საკითხები“, I, 1965), ა. ამილახვრის „გეორგიანული ისტორია“ („მნათობი“, 1939, #8), ი. ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“ და სხვ. XIX ს-ში აღსანიშნავია დ. ყიფიანის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბეგის, ა. ჯამბაკურ-ორბელიანისა  და სხვათა მოგონებანი. მნიშვნელოვანი მემუარული ლიტ-რა გამოქვეყნდა XX ს-ში (დ. კლდიაშვილი, კ. მარჯანიშვილი, ს. მგალობლიშვილი, გ. ლასხიშვილი, მ. მაყაშვილი, ი. მანსვეტაშვილი, დ. მესხი, გ. ქიქოძე, ი. კარგარეთელი, ბ. შარვაშიძე და სხვ.).

მემუარულ ლიტ-რას განეკუთვნება აგრეთვე მ. დავითაშვილის „ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში“ (1933), თ. სახოკიას „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ (1955), შ. დადიანის „რაც გამახსენდა“ (1956), ი. ვართაგავას „ქართველი მწერლების სილუეტები“ (1956), გ. ჩიტაიას „ჩემი ცხოვრების გზებსა და ბილიკებზე“ (1991), ლ. ღოღობერიძის „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ (2003), გ. ჩარკვიანის „როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (2020) და სხვ.

ლიტ.: ბარათაშვილი მ., XIX საუკუნის ქართული მემუარული მწერლობის ისტორიიდან, „ლიტერატურული ძიებანი“, 2004, [ტ.] იოსელიანი ა., მემუარული ჟანრის თავისებურებანი, „მნათობი“, 1982, #3; ჯაგოდნიშვილი ი., მემუარის ჟანრობრივი თავისებურება, სტუ-ის შრომები, პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის განყ-ბა, 2001, ტ. 1.

გ. მიქაძე