მენაბდე მანანა ივანეს ასული (დ. 19. XI, 1948, თბილისი), საესტრადო მომღერალი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი. დაიბადა მომღერლების, ქართ. ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში. 16 წლის ასაკში მონაწილეობდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „რეროს“ კონცერტებში. მ-მ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი განსხვავებული ხავერდოვანი ტემბრით, შესრულების ორიგინ. მანერითა და სტილით. მ. სწავლობდა თბილ. თეატრ. ინ-ტში, სარეჟისორო ფაკ-ტზე (პედ. მ. თუმანიშვილი). დაამთავრა მოსკ. თეატრ. ხელოვნების აკადემია ესტრადის რეჟისორის სპეციალობით. მუშაობდა საქართვ. საზ. მაუწყებელში მუს. და საესტრადო გადაცემების რეჟისორად. XX ს. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა მოსკოვში, იყო „იმპროვიზაციის თეატრის“ მსახიობი (რეჟ. ო. კისელიოვი). გამოდიოდა სოლო კონცერტებით, სადაც მსმენელს ქართ., რუს. და ევრ. სიმღერების, რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა. მ-ის ორიგინ. მუს. პირველად აჟღერდა რეჟ. ლ. ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ (1982 მაყურებლის პრიზი კანის კინოფესტივალზე), სადაც ასრულებს ერთ-ერთ მთ. როლს და საკუთარ სიმღერებს. მ. თანამშრომლობდა ქართ. ფოლკ. ჯაზ-კოლექტივთან „შინ“. 1991-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერლინში, სადაც მართავდა კონცერტებს, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში. 2005--იდან მ. კვლავ მოსკოვში გადადის საცხოვრებლად და მოღვაწეობას იწყებს რეჟ. პ. ფომენკოს თეატრ. სტუდიის მსახიობად. მ. მრავალმხრივი შემოქმედია, წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. 2004 პეტერბურგში გამოიცა მ-ის იგავ-არაკების წიგნი „და დრო გადიოდა...“ (რუს., მოგვიანებით ითარგმნა გერმ. და ქართ. ენებზე); ასევე გამოსცა კრებ. „სიყვარულის ახსნა რუსულად“, რ-იც გაფორმებულია მისივე 100-მდე ფოტონამუშევრით. 2011 მისი მოთხრობები და ავტობიოგრაფიული რომანი „ფრენის დღე ოთხშაბათი“ დაიბეჭდა ჟურნ. „პალიტრაში“, 2016 გამოიცა თბილისში ჩატარებული ფოტოგამოფენის კატალოგი „ილუზიები“. მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში „სინემა“ (რეჟ. ლ. ელიავა, 1977), „არსენას ლექსი“ (1986), „სიბრძნე სიცრუისა“ (1991; ორივეს რეჟ. ნ. ხატისკაცი). მ-მ გასტროლებით მოიარა უცხოეთის ქვეყნები. გამოცემული აქვს ალბომები: „იმედის გვირილა“ (2000), «Сни о Грузии» (2002), „ბულატ ოკუჯავას სიმღერებს ასრულებს მანანა მენაბდე“ (2004) და სხვ.