მენადირეობა, მეცხოველეობის დარგი, რ-ის დანიშნულებაა ძვირფასბეწვიანი ნადირის მოშენება სპეც. მეურნეობებში ბეწვეულის მისაღებად. ამ მიზნით აშენებენ წაულას, მოშავო-მოვერცხლისფრო მელას, არქტიკულ მელას, მელას, ნუტრიას, თახვს, შინშილას, სიასამურს, კვერნას, ენოტისმაგვარ ძაღლს, ზაზუნას, ფოცხვერს, წავსა და სხვ.
მეცნიერთა მტკიცებით, მ., სავარაუდოდ, წარმოიშვა XVI–XVII სს-ში (ამ პერიოდში ჩრდ. რუსეთის მოსახლეობამ დაიწყო მელიისა და არქტიკული მელიის მოშენება ტყავ-ბეწვეულის მისაღებად). 1827 სტოკჰოლმის მახლობლად ბეწვეულის დასამზადებლად ბიორკმანმა შექმნა მეურნეობა, სადაც დაიწყო მელიების მოშენება. 1861 ნიუ-იორკში ტ. ფილიპსმა და ვ. ვუდკოვმა დააარსეს წაულას საშენი. 1887 კანადაში, პრინც ედუარდის კუნძულზე ჩ. დოლტონმა მოაშენა ვერცხლისფერ-შავი მელა. 1901 მან ლონდონში გამართულ აუქციონზე მელიის პირველი ტყავი 2718 დოლარად გაყიდა. მ. განვითარებულია აშშ-ში, დანიაში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, ფინეთში, კანადაში, პოლონეთსა და შვედეთში.
სსრკ-ში მ. 1928–29 დაიწყო. სპეციალიზებული მეცხოველეობის მეურნეობები სანაშენე ნადირით ამარაგებდნენ კოლ-ბებისა და საბჭ. მეურნეობების მ-ის ფერმებს. სანაშენე მუშაობა ტარდებოდა ტანად დიდი, ნაყოფიერი, სიცოცხლისუნარიანი, ძვირფასბეწვიანი ნადირის გადარჩევა-შერჩევის გზით. სანაშენე მეურნეობაში გენეტ. ხერხების გამოყენებით მიიღეს მრავალგვარი ფერადბეწვიანი ნადირი: 34 ტიპის ფერადი წაულა, რამდენიმე ტიპის ფერადი მელა და ცისფერი ყარსაღი. მელიისა და ყარსაღის სამეურნეო გამოყენების ვადა 9–10 წელია, წაულისა – 5–6, ნუტრიისა – 3–4, სიასამურისა – 12–14. მ., როგორც სამეცნ. დისციპლინა, ისწავლებოდა უმაღლესი და საშ. სას.-სამ. სასწავლებლების ზოოტექ. ფაკ-ტზე. სამეცნ.-კვლ. მუშაობას ხელმძღვანელობდა ბეწვეული მ-ისა და მებოცვრეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (მოსკ. ოლქი). მ-ის კურსი იკითხებოდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეო ფაკ-ტზე.
სხვადასხვა დროს საქართველოში შემოიყვანეს ჩრდილოამერიკული ენოტი და ანდატრი, ასევე სამხრეთამერიკული ნუტრია. ჩვენში ნუტრიის ინტროდუქციას უფრო სტიქიური ხასიათი ჰქონდა. მას ძირითადად კერძო პირები აშენებდნენ, რ-ებმაც ნავარაუდევი შემოსავალი ვერ მიიღეს, რადგან ჩვენს პირობებში ნუტრიის ბეწვი უხარისხოა, ხორცი საკვებად გამოიყენება, თუმცა მოწონებით არ სარგებლობს.
XXI ს. დასაწყისისთვის მიზანმიმართული სელექციის გზით მიღებულია სხვადასხვა შეფერილობის ცხოველის მრავალი ჯიში და ტიპი, მ. შ. ისეთიც, რ-იც ველურ ბუნებაში არ გვხვდება: წაულა –44, არქტიკული მელა – 14, მელა– 20, სიასამური – 4, ნუტრია – 17 და შინშილა – 12. მ. ეკოლოგიურად სუფთა ინდუსტრიაა, რ-იც ხელს უწყობს ველური ფაუნის შენარჩუნებას. მ-ში საკვებად იყენებენ ხორცის, რძისა და თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებს; ხელოვნური ბეწვის წარმოებაზე ზოგავენ დანახარჯებს ენერგიასა და სხვადასხვა საშუალებაზე.
მ-ის განვითარებას ხელს უწყობს საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნ. განყ-ბა და საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეუნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი.
ა. გიორგაძე