120 მენანდრე პროტიქტორი

120 მენანდრე პროტიქტორი (Menandros Protiktor), VI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი. გააგრძელა აგათია სქოლასტიკოსის ისტ. შრომა. მ. პ-ის ისტორიულმა თხზულებამ მხოლოდ გვიანდ. ფრაგმენტების სახით მოაღწია (ძირითადად კონსტანტინე პორფიროგენეტის ნაშრომში). ეს ფრაგმენტები ეხება 558–582 მოვლენებს,  ძირითადად ბიზანტიასა და ირანს შორის  ომებსა და მათ შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებებს, 571 პერსარმენიასა და იბერიაში მომხდარ აჯანყებას და მის მომდევნო ამბებს, 577 საზავო მოლაპარაკებასა და  საომარი  ოპერაციის  განახლებას  580,  აგრეთვე ბიზანტიელთა ურთიერთობას ავარებთან,  ლანგობარდებთან და სხვ. მ. პ-ის „ისტორია“ შეიცავს ცნობებს VI ს. საქართვ. ისტორიის შესახებ – ბიზანტიასა და  ირანთან ლაზიკისა და ქართლის ურთიერთობას, სვანეთის  გამო ატეხილ  დავას და სხვ. მ. პ-ის ცნობით ლაზთა სამეფო IV ს. დასასრულისათვის დიდად  გაძლიერებულა და სვანები დაუმორჩილებია. შემდეგ იგი მოგვითხრობს, რომ რომაელთა ელჩებმა სპარსეთის მეფე ხოსრო I-თან (531–579)  მოლაპარაკების დროს, როდესაც განიხილებოდა დავა სვანეთის გარშემო, მას წარუდგინეს  სვანთა წინამძღოლების (არხონტების) სია, რ-თაც კეისრის დასტურით ნიშნავდნენ ლაზთა მეფეები. ეს ხდებოდა რომის იმპ. თეოდოსისა (379–395) და  სპარსეთის მეფე  ბაჰრამ IV-იდან (389–399)  დაწყებული ვიდრე პეროზისა (459–484) და ლეონის (457–474) მეფობის წლებამდე.

ლიტ.: ათანელიშვილი გ., სვანეთის საკითხი ბიზანტია–ირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში (562–590 წწ.), თბ., 1959; ბერაძე თ., სვანეთი უძველესი დროიდან VI ს. ჩათვლით, კრ. საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, ტ. 9, თბ., 2008;  გოზალიშვილი გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ; 1973; მესხელიშვილი დ. საქართველო IV–VIII საუკუნეებში, თბ., 2003; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; მუსხელიშვილი დ., საქართველო IV–VIII საუკუნეებში, თბ., 2003; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 1, თბ., 1970; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი  ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, მენანდრე პროტიქტორი, ბიზანტიელი მწერლების ცნობები  საქართველოს შესახებ, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;

                                                               ნ. ლოოური