მენთეშაშვილი ავთანდილ მიხეილის ძე (2. V. 1939, თბილისი – 25. X. 2000, იქვე), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), 1964 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. მუშაობდა თსუ-ში. იყო მსოფლიო ხალხთა ისტ. კათედრის ასისტენტი (1969), დოცენტი (1971), ისტ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ. დარგში (1972–76), ისტ. ფაკ-ტის სპეციალიზებული საბჭოს სწავლული მდივანი (1979–81), რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე (1992–2000). 1988–89 მუშაობდა ჰარვარდის უნ-ტში (აშშ) დაცულ საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობის არქივის ფონდებში. მის მიერ მოძიებული მასალის საფუძველზე საქართვ. უზენაესი საბჭოს მიერ შექმნილმა კომისიამ (20. VI. 1989) პოლიტ. და სამართ. შეფასება მისცა საქართვ. დემოკრ. რესპ. და საბჭ. რუსეთს შორის 1920 წ. 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას. ამ კომისიის მუშაობის შედეგად 1990, გამოიცა წიგნი ,,საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. დოკუმენტები და მასალები“ (შემდგენელი მ.).
მ-ის კვლევები რუსეთსა და სამხრ. კავკასიაში ეროვნ. ურთიერთობათა პრობლემებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნოკონფლიქტებს შეეხება. იგი იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (ინგლ., გერმ. და რუსულ ენებზე) და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მონაწილე.
თხზ.: ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ისტორიიდან, თბ., 1990, (რუს. ენაზე); ზოგიერთი ეროვნული და ეთნიკური პრობლემები საქართველოში, თბ., 1992, (ინგლ. ენაზე); პრობლემები კავკასიაში, ნიუ-იორკი, 1995 (ინგლ. ენაზე); თანამედროვე სეპარატიზმის ისტორიული წანამძღვრები საქართველოში, 1998 (რუს. ენაზე); რუსეთის იმპერიის რღვევა და ამიერკავკასია წგ.: რუსეთი XX საუკუნეში, ეროვნული ურთიერთობების პრობლემები, მ., 1999 (რუს. ენაზე); საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთთან და ანტანტის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისტორია 1918–1921, თბ., 2000 (რუს. ენაზე),
პ. სურგულაძე