მენთეშაშვილი ფარნაოზ (ფარნა) იაკობის ძე

მენთეშაშვილი ფარნაოზ (ფარნა) იაკობის ძე (20. III. 1918, თბილისი, – 28. VIII. 1995, იქვე), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1973). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1939). 1956-იდან ამავე უნ-ტის ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრაზე იყო დოცენტი, პროფესორი, 1972–85 – კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით კათედრასთან ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის დარგობრივი სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. რ-მაც დიდი როლი შეასრულა საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის პროგრ. ფორმებისა და მეთოდების დანერგვის საქმეში.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი მეცნ. კვლევის სფეროს წარმოადგენდა საქართვ. კვების მრეწველობის ეკონ. ეფექტიანობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის პრობლემური საკითხები, რევიზია და კონტროლი. 

დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით  (1976).

თხზ.: პროდუქციის თვითღირებულება და მისი შემცირების გზები საქართველოს სსრ კვების მრეწველობაში, თბ., 1962; სამრეწველო საწარმოთა ბალანსის ანალიზი, თბ.,  1991; სიახლენი მოგებისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზში, თბ., 1994.

ლიტ.: გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის ცხოვრება და შემოქმედება: პროფესორი ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილი – 100; თბ., 2018.