მენუა

მენუა, ურარტუს მეფე ძვ. წ. 810–785. მეფე იშფუინის უმცროსი ვაჟი. მამის მეფობის დასასრულს მ. მის თანამმართველად ითვლებოდა. იშფუინი-მენუას სახელით დღემდე ცნობილია ათამდე, საკუთრივ მ-ს სახელით კი – ასზე მეტი ურარტული წარწერა, რ-ებშიც  მოხსენიებულია დიაუხის მეფე უტუფურსი და მისი მოკავშირე  ქართველური ტომები: ვიტერუხი (ოძრხე, ანუ ბიძერები), ლუშა (ლაზეთი ან ერუშეთი), ქათარზა (კლარჯეთი), იგანის სამეფო (ჩრდილის, ჩილდირის ტბის სანაპიროზე); ასევე დიაუხის  ქალაქები:  შაშილუ, ზუა, უცუხა. მ-ს დროს დიდი ბრძოლები გაიმართა მანასთან, დიაუხისთან. დაიწყო არარატის ველის დაუფლება და ათვისება, ააგეს ურარტუელთა ციხესიმაგრე მენუახინილი ამ ადგილებში დაპყრობილი  ერიქუახის ტომის მიწა-წყალზე, დასახლ. პუნქტის – ლიხიუნის მახლობლად (არარატის მთის ჩრდ. ფერდობი, თურქეთი). სახელი ეწოდა  მ-ს პატივსაცემად (მენუახი – მენუას კუთვნილი). მ-მ დიდი სააღმშენებლო და საირიგაციო სამუშაოები ჩაატარა.

ლიტ.: გორდეზიანი ლ., ძველი ისტორიის ნარკვევები, თბ., 2012; მელიქიშვილი გ., ძიებანი საქართველოს კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, თბ., 1999; Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народов Закавказия, т. 1., Наири-Урарту, Тб., 1954; მისივე, Урартские клинообразные надписи, М., 1960.  

გ. მელიქიშვილი