მენჯი, ბალნეოლოგიური კურორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მდ. ცივის ხეობაში, ზ. დ. 29 მ. კურორტი მდებარეობს სენაკიდან – 5, ზუგდიდიდან – 50, თბილისიდან – 295 კმ-ში. ჰავა სუბტროპიკულია, რბილი. იცის უთოვლო ზამთარი (იანვრის საშ. ტემპ-რა 5,2°C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპ-რა 23,0°C), შეფარდებითი სინოტივე – 73%; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში. სეზონი – მთელი წელი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერ. წყალები საერთო მინერალიზაციით 6,0–14,0 გ/დმ3 და აზოტიანი, სულფიდური, ქლორიდულნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,2–7,4 გ/დმ3, ტემპერატურა 270 C0; დებიტი: 700 ათასი ლ/დღ-ღ), რ-საც იყენებდნენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ზოგიერთი დაავადების დროს. მ-ს 1938 მიენიჭა საკავშირო კურორტის წოდება, ფუნქციონირებდა სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა.
მ-ს დამსვენებლები „ყავარჯნების სამარეს“ უწოდებდნენ, რადგან ძირითადად ყავარჯნებით სახსრების სამკურნალოდ ჩამოსულები უკან თავისი ფეხით ბრუნდებოდნენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში კურორტმა შეწყვიტა ფუნქციონირება.