მენჰირი

მენჰირი (ბრეტონული menhir< men – ქვა და  hir – გრძელი, აზიდული), მეგალითური ნაგებობის მარტივი სახეობა; მიწაში ჩარჭობილი დაუმუშავებელი ან უხეშად დამუშავებული წაგრძელებული პროპორციების ერთი მთლიანი ქვა ან ქვის ბლოკი. ასეთი ლოდები აღმართულია ცალკეულად ან პარალელური რიგების სახით. ზოგჯერ მ. რელიეფური და ამოკაწრული გამოსახულებითაც არის შემკული. მ-ის სიმაღლე ძირითადად 3-იდან 5 -მდე მერყეობს, არის უფრო დიდიც – ერთ-ერთი უდიდესი მ. დაახლ. 20 სიმაღლისა და 300 -მდე წონისაა (ბრეტონი, საფრანგეთი). ვარაუდობენ, რომ მ-ს ძირითადად საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. გავრცელებულია ჩრდ.-დას. ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ციმბირსა და კავკასიაში.

საქართველოში მ. განსაკუთრებით გავრცელებულია ქვეყნის სამხრ. რეგიონებში (თრიალეთი, ჯავახეთი, ქვემო ქართლი). მოსახლეობა მათ „ქვაკაცებს“, „ქალქვებს“, „რძის ქვებს“, „ვეშაპებს“ ეძახდა; მათთან, როგორც საკრალურ ცენტრებთან, ნაყოფიერებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები სრულდებოდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., სომბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, მასალები არქაიკული მონუმენტალური ხელოვნების ისტორიისათვის, თბ., 1938; ღამბაშიძე ნ., ქვათა თაყვანისცემა მესხეთში, კრ. არქივთმცოდნეობა–წყაროთმცოდნეობა, თბ., 2020.