„მეორე დასი“, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული დასი, ქართველ სამოციანელ-თერგდალეულთა საზოგადოებრივ-კულტურული მიმდინარეობა მეორე დასელების ი. ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეებისაგან (პირველი დასი – „თერგდალეულები“) განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ საქართველოს განვითარების სამომავლო საკითხებზე. მისი მთავარი წარმომადგენლები იყვნენ გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და ს. მესხი, აგრეთვე პ. უმიკაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, დ. მიქელაძე, ვ. თულაშვილი, ბ. ღოღობერიძე, ა. ფურცელაძე, ა. ყაზბეგი და სხვ., რ-ებმაც თავი მოუყარეს გაზ. „დროებისა“ და ჟურნ. „კრებულის“, ასევე „სასოფლო გაზეთის“, „ტიფლისსკი ვესტნიკის“, „ობზორის“, „ნოვოე ობოზრენიეს“ და პრესის სხვა ორგანოების გარშემო. ამ ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა მხატვრული ლიტ-რისა და კრიტიკისა, მუშაობდნენ ჟურნალისტიკაში, პუბლიცისტიკაში ეწეოდნენ მთარგმნელობითს საქმიანობას, აგროვებდნენ ხალხური შემოქმედების ნიმუშებსბურჟ.-დემოკრ. დასი ქვეყნის მომავალს კაპიტალიზმის განვითარებასა და ეროვნ. ბურჟუაზიის შექმნა-გაძლიერებაში ხედავდა. გ. წერეთელი ქართველებს მოუწოდებდა ვაჭრობა-მრეწველობისათვის მოეკიდათ ხელი: „აწ რა რკინის გზა გაიხსნა, იმან მიუთითა საქართველოს ტომის ვაჭარს ხალხს ხელი ტფილისზე და უთხრა: აი, შენი დედაქალაქი და საქართველოს ბურჯი გარეშე ხალხს ჩაუგდია ხელში... აწ მიესიეთ და იჩინეთ თავი ტფილისის სავაჭრო ასპარეზზედ... დაიწყეთ ტფილისის სავაჭრო ბაზარში მიწოლა და ვაჭრობა ისევ თქვენ დაირჩინეთ. უიმისოდ ტფილისიც სამუდამოდ დაკარგულია და ქართლ-კახეთის მიწა-წყალიც დაღუპული“. („კრებული“, 1873, №3–4). გ. წერეთელი ქართული ბურჟუაზიის იდეას ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც ქადაგებდა. მოთხრობა „პირველ ნაბიჯი“ ვაჭარი- ბახვა ფულავა მან წარმავალი კლასის წარმომადგენელს – აზნაურ ტარიელ მკლავაძეს დაუპირისპირა. ნ. ნიკოლაძის „კრებული“ პირველი ნომრებიდანვე მოუწოდებდა ქართვ. საზ-ბას პირადი და ქვეყნის სამეურნეო-სამრეწველო აღმშენებლობისათვის პრაქტ. საქმიანობისათვის მოეკიდა ხელი. ევროპასა და ამერიკაში, წერდა ნიკოლაძე, ბევრი „სრულიად უწყლო, უმცენარო, უხეირო მიწა-მინდვრები“ ყოფილა, რ-ებიც ადამანების შრომის შედეგად, „კაცის ხელ ქვეშ“ მშვენიერ ბაღად გადაიქცნენ, „ზედ ქალაქები და მთელი სახელმწიფოები გამართულიყვნენ სიმდიდრით და ბედნიერებით სავსენი“ („კრებული“, 1871, №1). ცნობილ წერილში „ახალი ახალგაზრდობა“ ნ. ნიკოლაძე მომავალ თაობას ხალხისთვის პრაქტიკული სარგებლობის მოსატანად ტექნიკური განათლების მიღებას ურჩევდა. იგი XIX ს. 70–80-იანი წლებიდანვე ბევრს წერდა საქართველოში კაპიტალის განვითარების, ქვანახშირის საბადოების დამუშავების, სარკინიგზო და სატრანსპორტო გზების საჭიროების, თუჯისა და რკინის გამოდნობის, შავ ზღვაზე ნაოსნობის, ვაჭრობისა და სხვა სამრეწველო-ეკონ. სფეროების განვითარება-გაფართოების აუცილებლობის შესახებ. XIX ს. 90-იანი წლებიდან ნ. ნიკოლაძე საბოლოოდ დადგა ეროვნ. ბურჟუაზიის, ანუ „შუათანა დასის“ შექმნა-გაძლიერების აუცილებლობის პოზიციაზე, რ-იც ევროპის მაგალითით ქვეყნის სიღარიბიდან, ეკონ. მონობისაგან, უმეცრებიდან და „უსწორმასწორობისაგან“ გამომყვანი იქნებოდა. ნ. ნიკოლაძეს თერგდალეული თანამებრძოლებისაგან განსხვავებული პოზიცია ეკავა 1875–76 თბილისსა და ქუთაისში გახსნილი სათავადაზნაურო ბანკების საკითხის შესახებ. მას მიაჩნდა, რომ ქართველი თავადაზნაურობა ბანკით სარგებლობას ვერ მოახერხებდა. პირიქით, მემამულეების უზრუნველი დამოკიდებულება საბოლოოდ დაგირავებული მამულების გაყიდვას გამოიწვევდა, რ-საც ვერც უფულოდ დარჩენილი აზნაურობა და ვერც გლეხობა ვერ შეიძენდა. სათავადაზნაუროთა მაგიერ უნდა დაარსებულიყო საზ. ბანკები, რ-ებიც მოემსახურებოდნენ საზ-ბის გაჭირვებულ ნაწილს, განსაკუთრებით კი გლეხობას. გ. წერეთელი მცირე ბანკების დაარსების მომხრე იყო, რ-ებიც სამრეწველო-სამეურნეო მიმართულების ინიციატორებს შეუწყობდა ხელს. ბანკების შესახებ სერიოზული პოლემიკა მიმდინარეობდა ნ. ნიკოლაძესა და ი. ჭავჭავაძეს შორის XIX ს. 70-იან წლებში. ილია თავის თერგდალეულ თანამებრძოლებს პასუხობდა – ბანკების შემოსავალი ეროვნ.-კულტ. საგანმანათლებლოს საქმეს უნდა მომსახურებოდა. მიუხედავად სოც.-ეკონ. საკითხებში მსოფლმხედველობრივი განსხვავებულობისა, თერგდალეულე-
ბი, უპირველს ყოვლისა, პატრიოტები, განმანათლებლები და დემოკრატები იყვნენ. მათ აერთიანებდა ეროვნ. პრობლემა და ქართველი ხალხის თავისუფლების საკითხი და სამოციანელთა ერთიან გუნდად კრავდა. ეს იყო ერთი საზო.-კულტ. ბანაკის ორი მიმართულება – ი. ჭავჭავაძის ე. წ. „ღუმანიტარული“ (გ. წერეთელი) და მეორე – წერეთელ-ნიკოლაძის ჯგუფი. XIX ს. 90-იანი წლებიდან და XX ს. დასაწყისიდან, თერგდალეულების მემკვიდრეობა გააგრძელა თავდაპირველად ეროვნ.-დემოკრატიულმა მიმდინარეობამ შემდგომში კი პარტიამ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის პროცესში მონაწილეობდა ი. ჭავჭავაძე, ხოლო ნ. ნიკოლაძე იყო პარტიის საპატიო თანათავმჯდომარე. ე. წ. „დასების თეორია“ გ. წერეთელმა ჩამოაყალიბა. მისი კონცეფციის მიხედვით, „პირველი დასი“ იყო ი. ჭავჭავაძის მიმართულება, „მ. დ.“ – წერეთელ-ნიკოლაძის ჯგუფი, ხოლო „მესამე დასი“ მან უწოდა ქართველ სოც.-დემოკრატებს. დასების თეორია XIX ს. II ნახ-ის ქართ. საზ. მიმდინარეობების ისტორიისა და რეალობისთვის ვერ გამოდგა უნივერსალური. სამი დასის გარეთ დარჩა ჟურნალ „ცისკრის“ ჯგუფი; ხალხოსნური მოძრაობა, XIX ს. 90-იან წლებში წარმოქმნილი „მოამბის“ ჯგუფი და სხვ.
ლიტ.: ბაქრაძე ა. ნიკო ნიკოლაძე, თბ., 1989; გაფრინდაშვილი მ., ქართული განმანათლებლობა, თბ., 1966, ნიკოლაძე ნ., თხზულებანი, ტ. 1–9, თბ.-ქუთ., 1962–2006, შველიძე დ., პოლიტიკური პარტიები საქართველოში (წარმოქმნიდან დღემდე), თბ., 2022; წერეთელი გ., რჩეული ნაწერები, ტ. 1–2, თბ., 1947–1948.
დ. შველიძე