მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი – მოვლენა, რომელიც ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ნაწინასწარმეტყველებია ახალ აღთქმაში (მათე – 16.27; 24.27; 25.31; მარკოზი 8.33; ლუკა – 12.40;) და ფიქსირებულია სარწმუნოების სიმბოლოში („მრწამსი“). წმ. წერილში მ. მ-ის დრო და თარიღი არა თუ მითითებული არ არის, არამედ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ადამიანის მიერ მისი შეცნობა შეუძლებელია, თუმცა წმ. წერილში მოცემულია მინიშნებები, რ-ებიც წინ უსწრებს ამ მოვლენას. ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს მ. მ-მდე გამოჩნდება ანტიქრისტე, რ-იც გარკვეული ხნის განმავლობაში იმეფებს დედამიწაზე. ამ დროს იქნება რწმენის სიმწირე, უსჯულოებისა და ცოდვის აღზევება, ომები, სტიქიური უბედურებები. თუმცა მ. მ-ისას როდესაც იესო ქრისტე მოვა უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად, მთელი თავისი დიდებით, ანგელოზთა და წმინდანთა გარემოცვაში, ანტიქრისტე ყველა ბოროტ ძალასთან ერთად შეიმუსრება, რასაც მოჰყვება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და საშინელი სამსჯავრო. საქართველოში ხალხი ხშირად გადატანითი მნიშვნელობით რაიმე დიდ უბედურებას – სტიქიას, ომებს, ეპიდემიებს, „მეორედ მოსვლად“ აღიქვამდა.
ზ. ეკალაძე