მეორე მსოფლიო ომი და საქართველო, გლობალური კონფლიქტი ორ ალიანსს – მოკავშირეებსა (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, სსრკ) და ე. წ. ღერძის ქვეყნებს (გერმანია, იტალია, იაპონია) შორის 1939–1945. იგი პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილ წინააღმდეგობებზე აღმოცენდა. მ. მ. ო. დაიწყო 1 სექტემბერს, როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. 2 და 3 სექტემბერს ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, 17 სექტემბერს კი ომში ჩაება სსრკ-ც და აღმ-იდან შეიჭრა პოლონეთში (1939 წ. 23 აგვისტოს დადებული ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად). იმ დროისთვის პოლონეთის არმიაში საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. დაპყრობის (1921) შემდეგ სამშობლოდან წასული არაერთი ქართვ. გენერალი და ოფიცერი მსახურობდა. მათ მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის დაცვაში. ვარშავის დაცვის ცალკეულ მიმართულებებს ხელმძღვანელობდნენ პოდპოლკო-ვნიკი ვ. თევზაძე და მაიორი ა. არონიშიძე. კრაკოვის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო პოლკ. რ. გველესიანი. ბრძოლებში მონაწილეობდნენ ოფიცრები: ა. ალავიძე, ი. ზაუტაშვილი, მ. კვალიაშვილი, ვ. ლაღიძე, გ. მამალაძე, მ. რუსიაშვილი, გ. ტურაშვილი, ვ. უგრეხელიძე, დ. შალიკაშვილი, მფრინავი ა. სხირტლაძე, საზღვაო ოფიცერი ვ. ლომიძე და სხვ. ქართველების ნაწილი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს (მაგ., გენ. ა. ზაქარიაძე), ნაწილი კი – საბჭოთა ჯარებს. ა. ჩხეიძე და, სავარაუდოდ, ა. სხირტლაძეც მოსკოვში გადაიყვანეს და იქ დახვრიტეს, გ. მამალაძე, გ. რატიშვილი, ი. კაკაბაძე კი – კატინში. გადარჩენილი ქართვ. ოფიცრების ნაწილი არალეგალურად მებრძოლ პოლონელებს შეუერთდა და წინააღმდეგობას არ წყვეტდა.
პოლონეთის შემდეგ გერმანიამ სამხედრო მოქმედებები წარმატებით განაგრძო დანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, ბალკანეთის ნ.-კ-ის სახელმწიფოების წინააღმდეგ. ქართველები იბრძოდნენ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მათი ნაწილი კადრის ოფიცერი იყო, ნაწილი კი მოხალისედ ჩაეწერა. ოცამდე ქართვ. მოხალისე (გ. და ო. ჯაყელები, ა. მელიავა, ა. ციციშვილი, ა. ჯინჭარაძე და სხვ.) იბრძოდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში და მონაწილეობდა სხვადასხვა ბრძოლაში. საფრანგეთის არმიის კადრის ოფიცრები იყვნენ საქართვ. დემოკრ. რესპ. სამხ. სკოლის მსმენელები (იუნკრები): გ. ოდიშელიძე (ბატალიონის მეთაური) და ი. ვაჩნაძე (საკავალერიო ესკადრონის მეთაური). საფრანგეთის არმიის რიგებში იბრძოდა ამ არმიის ოფიცერი დ. ამილახვარი.
1939 წ. 30 ნოემბერს სსრკ ჯარები ფინეთში შეიჭრნენ. ე. წ. „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევა ძალზე დიდი მსხვერპლის ფასად მოხერხდა. 1940 წ. 12 მარტს დადებული საზავო ხელშეკრულებით სსრკ-ის საზღვარმა კარელიის ყელზე ლადოგის ტბის ჩრდ.-დას-ით, ლენინგრადიდან 150 კმ-ით გადაიწია. სსრკ-ფინეთის ომში ქართველებიც მონაწილეობდნენ. შვიდ მათგანს, მ. შ. საავიაციო ბრიგადის მეთაურს, პოლკ. ვ. ნანეიშვილს, არტილერისტ ა. სულაბერიძეს და სხვებს სსრკ გმირის წოდება მიენიჭათ.
1940 სსრკ შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ბალტიისპირეთის ტერიტ-ზე და ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ძალდატანებით შეიყვანეს სსრკ შემადგენლობაში. საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში საბჭ. ჯარში იყვნენ ქართველებიც, მ. შ. შ. ხიდაშელი და გ. გაბლიანი, რ-იც 55-ე დივიზიის სამხ. ექიმი იყო და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ნებაყოფლობით ჩაირიცხა გერმანულ არმიაში. ბალტიისპირეთში მებრძოლ ქართველ გენერალთა და ოფიცერთა შორის იყვნენ გენ.-პ. პ. ჩანჩიბაძე, ვიცე-ადმირალი გ. აბაშვილი, გენ.-მ. გ. ყურაშვილი, გენ.-მ. პ. შიოშვილი, ავიაციის გენ.-მ. ლ. გოლიაძე, პოლკოვნიკები: ბ. ზუმბულიძე, ა. ბარბაქაძე, ა. ჯაფარიძე და ი. ძამაშვილი, უფრ. ლეიტენანტი ა. შიშინაშვილი, გვარდიის ლეიტენანტი კ. მღებრიშვილი და სხვ.
1941 წ. 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 1941 გაზაფხულისთვის საბჭ. არმიაში უკვე მსახურობდა საქართვ. 100 ათასზე მეტი მოქალაქე. ომის განმავლობაში საქართველოდან ფრონტზე დამატებით გაიგზავნა დაახლ. 600 ათასი მებრძოლი, მათ შორის მრავალი მათგანი მოხალისე იყო.
ომის დაწყებისთანავე სამხ. ყაიდაზე გადავიდა საბჭ. საქართვ. ეკონომიკაც. გაიზარდა სამხ. ინდუსტრიისთვის აუცილებელი წიაღისეულის (მანგანუმი, ქვანახშირი, ნავთობი, თეთრი დარიშხანი და სხვ.) მოპოვება; დიდი დატვირთვით ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნა. თბილ. ფაბრიკა-ქ-ნებისა და სხვა საწარმოების უმრავლესობას დაევალა სამხ. შეიარაღებისა (პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ნაღმტყორცნები და სხვ.) და სამხ. საჭურვლის (ვაზნები, ყუმბარები და სხვ.) წარმოება. 1941 წელსვე სსრკ ოკუპირებული რ-ნებიდან ევაკუირებული ქ-ნების ბაზაზე ამუშავდა თბილ. საავიაციო ქ-ნა და ა. შ. ომის პირველივე თვეებში საქართველოში სსრკ დას. რ-ნებიდან გადმოიყვანეს ათასობით ლტოლვილი. თბილისსა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში ამოქმედდა რამდენიმე ათეული სამხ. ჰოსპიტალი, გამაჯანსაღებელ სანატორიუმებსა და დასასვენებელ სახლებში რეაბილიტაციას გადიოდნენ დაჭრილები. ომის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე კოლმეურნეობებს გაუზარდეს სას.-სამ. პროდუქციის წარმოების გეგმა, რისი შესრულებაც მათ მუშახელის მწვავე დეფიციტის პირობებში უნდა უზრუნველეყოთ. რესპუბლიკა, მთელ ქვეყანასთან ერთად, პირველადი მოხმარების საგნების, სურსათ-სანოვაგის, მსუბუქი მრეწველობის პროდუქტების, მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდიდა.
ომის დაწყებიდან მალევე, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, აგრეთვე იმის გამოც, რომ ფრონტზე მოსახლეობის მასობრივად გაწვევამ რუსული ენის არმცოდნე მებრძოლებამდე ბრძანებების დაყვანა ერთობ გააძნელა, სსრკ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აღედგინა ეროვნ. სამხ. ფორმირებები. ქართ. დივიზიების შექმნა 1942 დამდეგიდან დაიწყო. შეიქმნა თორმეტი (406-ე, 224-ე, 388-ე, 351-ე, 392-ე, 394-ე, 414-ე, 276-ე, 386-ე 242-ე, 296-ე და 349-ე) ქართ. დივიზია.
„ბარბაროსას“ გეგმის მიხედვით ა. ჰიტლერი სსრკ-თან ომის ძლევამოსილად დამთავრებას ორ-სამ თვეში ვარაუდობდა, თუმცა საბჭ. ჯარებმა ფაშისტების წინსვლის შეჩერება შეძლეს. პირველი მარცხი ვერმახტის ჯარებმა მოსკოვის მისადგომებთან იწვნიეს. 1941 წ. 5–6 დეკემბერს წითელი არმიის კონტრშეტევის შედეგად ფრონტის არაერთ უბანზე ფაშისტები 100-იდან 400 კმ-მდე იქნენ უკუგდებულნი. მოსკოვისთვის ბრძოლებში მრავალმა ქართველმა მებრძოლმა ისახელა თავი.
1941 წ. 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა აშშ-ის სამხ.-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორში, სადაც ამერიკის წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტის ძირითადი ძალები იყო განლაგებული. მოულოდნელი თავდასხმის შედეგად იაპონელებმა ჩაძირეს ამერიკელების 4 სახაზო ხომალდი, 3 კრეისერი, 2 საესკადრო ნაღმოსანი, გაანადგურეს 188 თვითმფრინავი. ამერიკელებმა დაკარგეს 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი. ამ თავდასხმის შედეგად, აშშ პრაქტიკულად წყნარი ოკეანის ფლოტის გარეშე დარჩა. 1941 წლის 8 დეკემბერს აშშ-მა და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას.
1942 გაზაფხულიდან გერმანელებმა მთავარი შეტევა სტალინგრადისა და კავკასიის მიმართულებით წამოიწყეს. მსხვილი სატანკო წარმოების ცენტრის – სტალინგრადის აღებას გერმანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, კავკასიის ხელში ჩაგდებით კი ბაქოს ნავთობის გარეშე ტოვებდნენ წითელ არმიას.
გერმანელებმა ყირიმის ნ.-კ. 1941 შემოდგომაზე იგდეს ხელთ. საბჭ. ჯარები მხოლოდ ქ. სევასტოპოლს ინარჩუნებდნენ. ქერჩის ნ.-კ-ს, სხვებთან ერთად, ქართ. 224-ე დივიზიაც იცავდა. წითელი არმიის სარდლობის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომის შედეგად საბჭ. სამხ. შენაერთი ალყაში აღმოჩნდა. სევასტოპოლი დაეცა, ალყაში მოქცეული საბჭ. ჯარის ნაწილები, რ-თა შორის ქართ. დივიზიაც იყო, მთლიანად განადგურდა. დაიღუპა ქართვ. მებრძოლთა უმრავლესობა. სევასტოპოლის აღების შემდეგ გერმანელები კავკასიის მთისწინეთში შეიჭრნენ. დაიწყო ბრძოლები კავკასიის დაცვისთვის (იხ. კავკასისათვის ბრძოლა 1942–43). გერმანელებმა კავკასიონის გადასალახად ალპინისტებით დაკომპლექტებული სპეც. დაჯგუფება „ედელვაისი“ შექმნეს. მას გზა სვანების მიერ შექმნილმა რაზმმა გადაუკეტა. კავკასიის დაცვაში მონაწილეობდნენ 392-ე და 414-ე ქართ. დივიზიები. კავკასიონის მთავარ ქედს იცავდა 242-ე ქართ. დივიზიაც. ფრონტს სარდლობდა გენ.-პ. კ. ლესელიძე. 1943 იანვარში იგი შეტევაზე გადავიდა. მტერმა დიდი დანაკარგებით დაიხია უკან.
მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა სტალინგრადისათვის. საბჭ. ჯარებმა ქალაქი შეინარჩუნეს, 1942 წლის ნოემბერში კი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მტრის უზარმაზარი დაჯგუფება ალყაში მოაქციეს. 1943 წ. 2 თებერვალს მტრის 92 ათასი ჯარისკაცი წითელ ჯარს დანებდა. ტყვედ ჩაბარდა მათი სარდალი, ფელდმარშალი ფ. პაულიუსიც. ჰიტლერელთა 330-ათასიანი არმია მთლიანად განადგურდა. ასეთი მარცხი ვერმახტის არმიას ჯერ არ განეცადა. გერმანიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამრიგად, ჰიტლერელთა 1942 წლის კამპანიაც სრული კრახით დამთავრდა. მტერმა ვერც სტალინგრადი დაიკავა და ვერც კავკასია.
1943 თებერვალში თეირანის კონფერენციაზე სსრკ-მა, აშშ-მ და ინგლისმა მეორე ფრონტის გახსნაზე მოილაპარაკეს (უ. ჩერჩილის აზრით, სსრკ-თან ერთად ომი საშინელება იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნებოდა გერმანელების წინაშე მარტოდ დარჩენა). სტალინმა თეირანში ჩაიტანა და უ. ჩერჩილსა და ფ. რუზველტს აჩვენა ომის დროს გადაღებული ფილმი „გიორგი სააკაძე“.
სტალინგრადისა და კავკასიის ბრძოლებში გერმანელებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს, მაგრამ 1943-თვის მათ კიდევ შესწევდათ ძალა ახალი შეტევითი ოპერაციების წარმოებისთვის. ჰიტლერმა გადაწყვიტა ორიოლ-კურსკის რკალზე უეცარი დარტყმით ალყაში მოექცია და გაენადგურებინა საბჭ. ჯარების მსხვილი შენაერთი. საბჭ. სარდლობამ ზუსტად ამოიცნო არა მხოლოდ შეტევის მიმართულება, არამედ დროც. გერმანელთა შეტევის დაწყების წინ, 5 ივლისს, საბჭ. არტილერიამ და ავიაციამ დაბომბა მტრის პოზიციები და მათი შეტევის ძალა მნიშვნელოვნად შეასუსტა. მტრის შეტევის ჩაშლის შემდეგ წითელი არმია შეტევაზე გადავიდა. პროხოროვოს ველზე გაიმართა ყველა დროის ყველაზე მასშტაბური სატანკო ბრძოლა, რ-შიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი მონაწილეობდა. ორიოლ-კურსკის ბრძოლის შემდეგ სტრატეგიული უპირატესობა საბოლოოდ საბჭ. არმიის მხარეს გადავიდა. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინა გენ. ვ. ჯანჯღავას მე-15 მსროლელთა დივიზიამ. საბრძოლო გმირობის მაგალითები აჩვენეს გენერლებმა და ოფიცრებმა: კ. ჯახუამ, მ. ყაზაიშვილმა, ნ. კალაძემ, ი. ლაითაძემ, მ. მიქელაძემ და სხვ. კურსკის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის სსრკ გმირის წოდება მიენიჭა მაიორ ჭ. ბენდელიანს.
გერმანიის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიზანულმა მოძრაობამ. გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ სხვებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი პარტიზანებიც. უკრაინაში სახელგანთქმული კოვპაკის პარტიზანული დივიზიის პირველ პოლკს მეთაურობდა დ. ბაქრაძე, რ-საც სსრკ გმირის წოდება მიენიჭა. უკრაინის მიწაზე გაითქვეს სახელი ქართველმა პარტიზანებმა – ტ. აგლაძემ, გ. ტალახაძემ, ზ. რუხაძემ და მრავალმა სხვამ. 1942 მარტში საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეულმა 41-მა ქართველმა სამხ. ტყვემ ოფიცერ ვ. მანჯავიძის ხელმძღვანელობით პოლონეთში ერთ-ერთი პირველი პარტიზანული რაზმი შექმნა. 1945 ვ. მანჯავიძე პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. პოლონეთშივე მოქმედებდა პარტიზანული ბრიგადა ი. შუბითიძის მეთაურობით. ანტიფაშისტური პარტიზანული ჯგუფი შექმნა ი. ოდიშელიძემ იუგოსლავიაში. 1942 მას ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული 80 ქართველი შეუერთდა. პარტიზანული მოძრაობა ფართოდ იყო გაშლილი საფრანგეთშიც. 1943 აქ პირველი ქართ. პარტიზანული რაზმი შეიქმნა. შემდეგში საფრანგეთში კიდევ რამდენიმე ქართ. პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთს გერმანელებმა ალყა შემოარტყეს. ქართველებმა ბრძოლით გაარღვიეს ალყა, მაგრამ 4 დაჭრილი ქართველი, რაზმის მეთაური დინგაშვილი, მეტყვიაფრქვეები – ტაბაღუა, ხატიაშვილი და ხუჭუა ფაშისტებმა ხელთ იგდეს, ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. მამაცი მეომრები საფრანგეთის მთავრობამ სიკვდილის შემდეგ რესპუბლიკის „სამხედრო ჯვრით და ვერცხლის ვარსკვლავით“ დააჯილდოვა. ქართვ. პარტიზანები მონაწილეობდნენ 1944 აგვისტოს პარიზის აჯანყებაშიც. საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდნენ: ქ. ბარნოვი, გ. ლომაძე, გ. გვაზავა, ს. წულაძე და სხვ. ქართველები მონაწილეობას იღებდნენ პარტიზანულ მოძრაობაში ბალტიისპირეთის ტერიტ-ზე, მ. შ. იყო გ. დვალაძე, რ-იც მეთაურობდა რაზმს „სამშობლოსათვის“. მრავალი ქართვ. პარტიზანი იბრძოდა იტალიაშიც. იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის გამოჩენილი მეთაურები თავიანთ წიგნებში არაერთი ქართველი პარტიზანის საგმირო საქმეებს აღწერენ. 1944 წ. 3 დეკემბერს გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში სამარადისოდ სახელი გაითქვა ქართველმა პარტიზანმა ფ. მოსულიშვილმა. იტალიაში კარგად იცნობენ გ. ვარაზაშვილს, რ-საც „კაპიტან მონტი“ უწოდეს. მის საფლავზე იტალიელებმა ასეთი წარწერა გააკეთეს: „გამვლელო, შეჩერდი! აქ განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი გათავისუფლებისთვის. მან გაჩუქა შენ თავისუფალი იტალია. კაპიტანი მონტი – ვარაზაშვილი“. პოლონეთში გაჩაღებული ანტიფაშისტური მოძრაობის ღირსეული მოღვაწე იყო არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე), რ-მაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არაერთი ებრაელი ტყვე გადაარჩინა სიკვდილს. ამ საქმიანობისთვის ოსვენციმის ბანაკში გამოკეტილმა მამა გრიგოლმა კიდევ ერთი მრავალშვილიანი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან და მის ნაცვლად გაზის კამერაში შეაბიჯა.
1943 წ. 14 აპრილს ჰამელბურგის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევის საბაბით მოკლეს სტალინის ვაჟი, უფრ. ლეიტენანტი ი. ჯუღაშვილი – სტალინმა მისი ფელდმარშალ პაულიუსში გაცვლაზე უარი განაცხადა. 1990 ი. ჯუღაშვილი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საბჭ. პატრიოტული სულისკვეთება ყველასთვის როდი იყო მისაღები. XX ს. 30-იანი წლების მასობრივი რეპრესიები ნეგატიურად აისახა საბჭ. რეჟიმის მიმართ მრავალი ადამიანის დამოკიდებულებაზე, გამძაფრდა წინააღმდეგობის სურვილი. ომის პირველივე დღეებში საქართველოში შეიქმნა ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფები. მათგან ერთ-ერთი „1942 წლის შეთქმულების“ სახელით არის ცნობილი. ჯგუფის აქტიური წევრები (კ. ჯოგლიძე, კ. ხიმშიაშვილი, გ. ჭალაგანიძე, გ. იმერლიშვილი და სხვები) სახელმწ. უშიშროების სამსახურმა 1942 დააპატიმრა. კიდევ ერთი არალეგალური ჯგუფი – „საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი“ – თბილისში ჩამოაყალიბა მწერალმა ლ. გოთუამ. მასში თსუ-ის სტუდენტები, ასპირანტები და კურსდამთავრებულები იყვნენ გაერთიანებული. ანტისაბჭ. ჯგუფი „სამანი“ დაფუძნდა დუშეთშიც ა. ბობღიაშვილისა და ფ. იმედაძის ინიციატივით და სხვ. ამ მოძრაობის მონაწილეთა შორის 17-ს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯა. „შეთქმულებთან“ თანამშრომლობის ბრალდებით გადაასახლეს რამდენიმე ათეული ადამიანი. რეპრესიები შეეხოთ ფილოსოფოსებს: ბ. ფოჩხუას, მ. გოგიბერიძეს, მ. აბულაძეს, ზ. მიქელაძეს; ლიტერატორ კ. ბუაჩიძეს. საქართველოში ანტისაბჭ. წინააღმდეგობა მ. მ. ო-ის პერიოდში პოლიტ. მოძრაობად არ ჩამოყალიბებულა.
ქართ. პოლიტ. ემიგრაცია სხვადასხვაგვარად აფასებდა მ. მ. ო-ის წინ შექმნილ საერთაშ. ვითარებას. სოც.-დემოკრატები გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების გაძლიერებას უაღრესად საშიშ მოვლენად განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ განადგურება პროგრესულ მოვლენად მიაჩნდათ, ნ. ჟორდანიამ და მისმა პარტიამ უარი თქვეს ფაშისტებთან თანამშრომლობაზე. ეროვნ.-დემოკრატები ომში სსრკ დამარცხების შემთხვევაში დამოუკიდებლობის აღდგენის შანსს ხედავდნენ. გერმანიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ისინი საჭიროდ მიიჩნევდნენ ფაშისტებთან თანამშრომლობას. მათ აზრს იზიარებდნენ ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წარმომადგენლები და ზოგიერთი უპარტიო ემიგრანტიც.
1942 გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა „ქართული პოლიტიკური კომიტეტი“ მ. წერეთლის, ზ. ავალიშვილის და ს. კედიას შემადგენლობით. კომიტეტი ცდილობდა ქართვ. სამხედრო ტყვეები გერმანელთა სამხედრო შენაერთებში გაეერთიანებინა, შემდეგ კი სსრკ წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. 1943 მ. კედიას ხელმძღვანელობით შეიქმნა „სამეკავშირეო შტაბი“. ეროვნ.-დემოკრატები ვარაუდობდნენ, რომ საქართვ. ტერიტ-ზე გერმანელთა შეჭრისთანავე ქართველები დამოუკიდებლობას აღადგენდნენ და გერმანელებს ფაქტის წინაშე დააყენებდნენ. გერმანიაში შექმნილი ქართ. სამხედრო შენაერთები შეიძლებოდა ეროვნ. არმიის ბირთვი გამხდარიყო. შ. მაღლაკელიძის გადმოცემით, გეგმა ასეთი იყო: „მამისონის უღელტეხილიდან უნდა გადმოვსულიყავით საქართველოში. პირველ რიგში მოვუხმობდით კათალიკოს კალისტრატეს და აკადემიის პრეზიდენტ ნ. მუსხელიშვილს. ჩვენ სამნი, ე. ი. სამღვდელოება, მეცნიერთა წარმომადგენელი და სამხედრო გამოვიდოდით რადიოთი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას გამოვაცხადებით...“
დაახლ. 35 ათასი ქართველი იბრძოდა გერმანიის მხარეს. ესენი იყვნენ საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასული ადამიანები ან მათი შთამომავლები, უმეტესად კი, გერმანია-სსრკ ომის პირველ ეტაპზე ტყვედ ჩავარდნილი ქართვ. მეომრები, რ-ებმაც ტყვეთა ბანაკებში ყოფნას გერმანელების მხარეზე გადასვლა ამჯობინეს. ქართველთაგან შექმნილი ცალკეული ბატალიონები მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში. გერმანიის შეიარაღებული ძალების ვერმახტის შემადგენლობაში არსებობდა არა მხოლოდ ქართული, არამედ სსრკ შემადგენლობაში მყოფი სხვა ერების წარმომადგენლებისაგან შემდგარი ეროვნ. საჯარისო შენაერთებიც – სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდ. კავკასიელების, კაზაკებისა და სხვათა ეროვნ. შენაერთები. კავკასიელი ტყვეებისგან შეიქმნა 12 ქართ., 10 სომხური და 8 აზერბაიჯანული ბატალიონი. თითოეულ ბატალიონში ათასამდე კაცი შედიოდა. ასევე, გერმანელებმა შექმნეს თურქული ბატალიონებიც ქართველების, აზერბაიჯანელების, სომხების, ჩერქეზების, ინგუშების, ოსების და სხვ. კავკასიელი ხალხების წარმომადგენლებისგან. ამით ისინი ომში თურქეთის ჩართვის დაჩქარებას ვარაუდობდნენ. ამრიგად, კავკასიური ლეგიონების შექმნას გერმანელთა სტრატეგიული მიზნები ედო საფუძვლად, ხოლო ქართველი ემიგრანტებისთვის ამ ლეგიონების შექმნის მიზანი საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
ვერმახტის შემადგენლობაში ქართ. ლეგიონის შექმნის გადაწყვეტილება 1942 ზამთარში მიიღეს. ამ იდეის განხორციელებას სათავეში შ. მაღლაკელიძე ედგა. ლეგიონის ჩამოყალიბება პოლონეთში დაიწყო, ვარშავის მახლობლად. ვერმახტის შემადგენლობაში მოქმედებდა შემდეგი ქართ. ბატალიონები: 795-ე „შალვა მაღლაკელიძე“, 796-ე, 797-ე „გიორგი სააკაძე“, 798-ე „მეფე ერეკლე II ბაგრატიონი“, 799-ე „მეფე დავით აღმაშენებელი“, 822-ე „თამარ მეფე“, 823-ე „შოთა რუსთაველი“ და 824-ე „ილია ჭავჭავაძე“. ქართველებით იყო დაკომპლექტებული ასევე სადივერსიო-სადესანტო რაზმები: „თამარ I“ და „თამარ II“ (იხ. თამარა). გერმანიის სამხ. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ასევე საგანგებო დანიშნულების ბატალიონი „ბერგმანი“, რ-იც დაკომპლექტებული იყო ქართველებით, აზერბაიჯანელებით, სომხებითა და ჩრდ. კავკასიელებით („ბერგმანში“ იყო სამი ქართ. ასეული). გერმანელებმა კავკასიური ლეგიონები ჩრდ. კავკასიაში განალაგეს. ხელსაყრელ დროს ისინი სამხრ. კავკასიისთვის ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყვნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ფრონტის ორივე მხარეს ქართ. ეროვნ. შენაერთები იდგნენ. ასე იყო მაგ., მდ. ბაქსანის მახლობლად, სადაც გერმანიის არმიის მხრიდან ბრძოლებში ჩართული იყო 795-ე ბატალიონი, საბჭ. არმიის მხრიდან კი – 392-ე დივიზია. ორივე მხრიდან მიმდინარეობდა აქტიური პროპაგანდისტული მუშაობა მოწინააღმდეგე მხარეზე მყოფი ქართველების გადასაბირებლად. იყო შემთხვევები, როდესაც საბჭ. არმიის ქართვ. მეომრები გერმანიის მხარეს და პირიქით – ქართ. ბატალიონების მთელი შემადგენლობაც საბჭ. არმიის მხარეს გადადიოდნენ. ამ ბატალიონებში მოქმედებდა არალეგალური კომუნისტური ორგანიზაცია, რ-იც ამზადებდა და ხელმძღვანელობდა ჯგუფურ გადასვლებს საბჭ. არმიის მხარეს. გერმანელები სასტიკად გაუსწორდნენ 795-ე ქართულ ბატალიონს, განაიარაღეს და გადასვლის ინიციატორი მურვანიძე დახვრიტეს. კავკასიისთვის მიმდინარე ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ვერმახტის ხელმძღვანელობამ ქართ. ბატალიონების უმეტესობა ყირიმში გადაიყვანა, სადაც ისინი 1944 დასაწყისამდე დარჩნენ. ქართ. შენაერთების ერთი მცირე ნაწილი 1943 კურსკის ცნობილ ბრძოლაში მონაწილეობდა. 1944 ქართ. შენაერთები ვერმახტის ხელმძღვანელობამ დას. ფრონტზე გადაიყვანა. ომის დასრულებას ისინი საფრანგეთის, იტალიის, დანიის, ჰოლანდიის ტერიტ-ზე შეხვდნენ. მ. მ. ო-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა 1945 წ. 5–6 აპრილის ქართ. 822-ე ბატალიონის აჯანყება კ. ტექსელზე (იხ. ტექსელის აჯანყება).
1944 წ. 6 ივნისს ნორმანდიაში დესანტის გადასხმით გაიხსნა მეორე ფრონტი. ევროპის ტერიტ-ზე ამერიკელებისა და ინგლისელების ჩართვამ ომში არაერთი საბჭ. მეომრის სიცოცხლე გადაარჩინა და დააჩქარა ფაშიზმის საბოლოო მარცხი. აღმ. ევროპის ქვეყნების გათავისუფლებისთვის ბრძოლებში მონაწილეობდნენ 242-ე და 351-ე ქართ. ეროვნ. დივიზიები. ათასობით ქართვ. მებრძოლი მონაწილეობდა ბერლინის შტურმში. სწორედ ქართველმა მ. ქანთარიამ, რუს მ. ეგოროვთან ერთად აღმართა წითელი დროშა რაიხსტაგზე 1945 წ. 1 მაისს. ორივე მებრძოლს სსრკ გმირის წოდება მიენიჭა. სსრკ- გერმანიის ომი 1945 წ. 8 მაისს ფაშისტური გერმანიის სრული კაპიტულაციით დამთავრდა. სსრკ-ში ეს სასიხარულო ცნობა მეორე დღეს, 9 მაისს გამოცხადდა. მ. მ. ო. კი კვლავ გრძელდებოდა. წინააღმდეგობას განაგრძობდნენ იაპონელები. სამოკავშირეო ვალდებულებების თანახმად, იაპონიის წინააღმდეგ ომში 1945 წ. 2 აგვისტოს ჩაერთვნენ საბჭ. შეიარაღებული ძალები, რ-თა რიგებში დაახლ. 7–8 ათასი ქართვ. იბრძოდა. საბჭ. ჯარებმა 23 დღის განმავლობაში შეძლეს იაპონელთა მილიონიანი კვანტუნის არმიის განადგურება და ჩინეთის ჩრდ.-აღმ. პროვინციების, აგრეთვე, ჩრდ. კორეის, სამხრ. სახალინისა და კურილიის კუნძულების დაკავება. ამერიკელებმა, 1945 წ. 6 და 9 აგვისტოს ორი ახლად შექმნილი ატომური ბომბი ჩამოაგდეს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რასაც ასი ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. 1945 წ. 2 სექტემბერს იაპონიამ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა. მ. მ. ო. დამთავრდა.
მ. მ. ო-ის მიმდინარეობისას სსრკ შეიარაღებული ძალების რიგებში 700 ათასზე მეტი ქართველი იბრძოდა (რესპუბლიკის მოსახლეობის 19%), მ. შ. 22 ათასზე მეტი ოფიცერი, 14 ათასამდე ქალი, 60-ზე მეტი გენერალი და ადმირალი. სამშობლოს ვეღარ დაუბრუნდა 280 ათასზე მეტი მებრძოლი. პროცენტულად ფრონტზე მყოფ მებრძოლთა შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ქერჩის ნ.-კ-ზე ქართ. დივიზიების ალყაში მოხვედრით და მათი თითქმის სრული განადგურებით აიხსნება. საქართველოში, 1939 აღწერის მონაცემებით, 3 მლნ 540 ათასი კაცი ცხოვრობდა, 1946 იანვრისთვის რესპუბლიკის მოსახლეობა 3 მლნ 232,7 ათას კაცს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს საქართვ. მოსახლეობა ბუნებრივი ნამატითა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოსახლეობით შეივსო, ამ წლებში რესპუბლიკის მოსახლეობა შემცირდა. ფრონტზე გამოჩენილი საბრძოლო გმირობისთვის საქართველოდან წარგზავნილი 244700 მებრძოლი სსრკ ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, 1646 სსრკ გმირის წოდება მიენიჭა (მ. შ. ნაწილს ომის შემდგომ).
ლიტ.: ბახტაძე მ., ქართველები მეორე მსოფლიო ომში, თბ., 2017; კუპატაძე ე., ქართული ეროვნული საჯარისო შენაერთების ისტორია 1921–1956 წლებში, თბ., 2011; მისივე, ქართული დივიზიების მონაწილეობა კავკასიის ბრძოლებში, თბ., 2003; მამუკელაშვილი ე., ქართული საფრონტო პრესა, თბ., 1968; Джавахишвили Н., Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Тб., 2019.
უ. ბლუაშვილი