მეორე სოციალისტური ინტერნაციონალი, სოციალისტური ინტერნაციონალი, მშრომელთა ინტერნაციონალი (1889—1923) და საქართველო, მუშათა საერთაშორისო პარტიების გაერთიანება, რომელიც დაარსდა 14 ივლისს პარიზში, საფრანგეთის რევოლუციის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით მოწვეულ ყრილობაზე. მისი შექმნის წინაპირობა ევროპის უმეტეს ქვეყნებში სოც.-დემ. პარტიების ჩამოყალიბება და ასევე პირველი ინტერნაციონალის, როგორც ზენაციონალური პროლეტარული ორგანიზაციის გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მ. ს. ი. ევროპულ ქვეყნებს შორის ომის წინააღმდეგი იყო, პარტიების უმეტესობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა თავისი სახელმწიფოებისათვის პირველ მსოფლიო ომში (1914–18). მ. ს. ი. ფაქტობრივად 1914–18 აღარ ფუნქციონირებდა.
ომის დამთავრების შემდეგ, 1919 წ. 3–10 თებერვალს ქ. ბერნში გაიმართა კონფერენცია, რ-შიც მონაწილეობდა სოც.-დემ. პარტიების უმეტესობა. მიღებულ რეზოლუციებში საუბარი იყო მ. ს. ი-ის აღორძინების დასაწყისზე. საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა რეზოლუცია, რ-ითაც ითხოვდა მ. ს. ი-ის მხარდაჭერას საქართველოსთვის დამოუკიდებლობის აღიარების (დე იურე) პროცესში. კონფერენციამ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია და მოითხოვა პარიზის სამშვიდობო კონფერენციისგან საქართვ. დამოუკიდებლობის ოფიციალურად ცნობა. 1920 წ. 31 ივლ.–4 აგვ. ჟენევაში ჩატარდა მ. ს. ი-ის მორიგი კონფერენცია, რ-მაც საქართველოში ოფიციალური დელეგაციის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. გაეცნობოდა რა საქართველოს პოლიტ. ვითარებას, ინტერნაციონალი ზეგავლენის განხორციელე-ბის გზით შეეცდებოდა, დიდ სახელმწიფოთა (ანტანტის) მთავრობებს ეცნოთ საქართველოს დე იურე დამოუკიდებლობა. დელეგაცია ჩამოვიდა 1920 წ. 14 სექტემბერს. მასში შედიოდნენ დას. ევროპის სოც.-დემოკრ. და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები: დიდი ბრიტანეთიდან – ჯ. რემზი მაკდონალდი, თ. შოუ, ქ-ნი ე. ენეკინ-სნოუდენი; საფრანგეთიდან – პ. რენოდელი, ა. ინგელსი, ა. მარკე; ბელგიიდან – ე. ვანდერველდე (მეუღლესთან ერთად), ჟ. ჟ. ჰიუსმანსი (მეუღლესთან და შვილთან ერთად) და ლ. ბრიუკერი. ავადმყოფობის გამო დელეგაციაში არ იმყოფებოდა მ. ს. ი-ის ლიდერი კ. კაუცკი, რ-იც საქართველოში მოგვიანებით ჩამოვიდა თავის მეუღლე ლუიზასთან ერთად.
დელეგაცია ბათუმში ჩამოსვლისა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ გამოემგზავრა თბილისში. საქართვ. მთავრობამ 15 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა. დედაქალაქში შედგა დამფუძნებელი კრების რიგით 51-ე საგანგებო კრება, რ-საც სტუმრები ესწრებოდნენ. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ დამფუძნებელი კრების თავ-რის ამხანაგი (მოადგილე) ა. ლომთათიძე და ყველა პარტიული ფრაქციის წარმომადგენელი (გ. გიორგაძე, შ. ალექსი-მესხიშვილი, გ. გვაზავა, გ. ვეშაპელი, ლ. შენგელაია, გ. ტერ-სტეპანიანი). შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ იმოგზაურა ქვეყნის არაერთ კუთხეში, სადაც ხვდებოდა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას. სტუმრებმა ათი დღე დაჰყვეს საქართველოში. ისინი ყველგან ხვდებოდნენ ხალხის აღფრთოვანებულ და სტუმართმოყვარე განწყობას – იმართებოდა საზეიმო სხდომები, მიტინგები, იშლებოდა ტრადიციული ქართული სუფრა.
დელეგაციის წევრებმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მრავალი სტატია, წერილი თუ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს ევროპულ პრესაში; მოაწყვეს შეხვედრები, მიტინგები, კითხულობდნენ მოხსენებებს, რ-ებშიც არ ფარავდნენ ემოციებს ქართვ. ხალხის ბუნების, საქართვ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და ქართ. დემოკრატიის დაცვის აუცილებლობის შესახებ, რ-საც აგრესიის საფრთხე ემუქრებოდა დიდი მეზობლებისაგან. მაგ., ინგლისურ გაზეთ „ტაიმსში“ დაიბეჭდა ქ-ნ სნოუდენის ინტერვიუ; ლონდონის ყოველკვირეულ „დე მატენში“ — მაკდონალდის სტატია „სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“; ბელგიურ გაზ. „ლე სეირში“ — ვანდერველდეს ინტერვიუ; ფრანგულ „ლე კრი დუ ნორში“ – ა. ინგელსის მთელი სერიალი საქართველოში მოგზაურობისა და განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ და ა. შ. სავარაუდოა, რომ მ. ს. ი-ის მხარდაჭერამ და დას-ის ქვეყნების სოციალ. პარტიებისა და მათი ლიდერების მიერ საქართვ. დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევრ. სახელმწიფოების მთავრობათა და ანტანტის ხელმძღვანელობაზე, რ-ის შედეგიც იყო საქართვ. დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება. ვიზიტის დღეებში გადაიღეს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი — „ევროპის სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“.
მ. ს. ი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას და გმობდა საბჭოთა რუსეთის მიერ მის დაპყრობას. 1921 წ. 22 ნოემბერს მ. ს. ი-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა თავის სხდომაზე მიიღო საქართვ. მხარდამჭერი რეზოლუცია. აქ აღნიშნული იყო, რომ ქვეყანა დაიპყრო მოსკოვის ჯარებმა, ხოლო მოსკოვის მთავრობამ ქართვ. ხალხს დაუნიშნა უცხო ხელისუფლება, რ-საც პასუხისმგებლობას აკისრებდა საქართვ. რესპუბლიკის განადგურებაში, ტერორის რეჟიმის დამყარებაში და მოითხოვდა რუს. მთავრობის ჯარების გაყვანას ქვეყნიდან.
ლიტ.: ბენდიანიშვილი ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921 წწ.), თბ., 2001; კირთაძე ნ., ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919–1923), თბ., 1997; ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში 1920, [ტ.] 1, თბ., 2022.
დ. შველიძე