მეორეული ნედლეული (გამოყენებისათვის ვარგისი ნარჩენი), ერთჯერადად გამოყენებული მატერიალური რესურსი, რომელსაც ხელმეორედ იყენებენ იმავე ან სხვა დანიშნულებით, მათ შორის წარმოების ნედლეულად.
ნარჩენის მეორეულ რესურსად ქცევა, მისი სწორი და ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის. არ არსებობს ქვეყანა, რ-საც არ ჰქონდეს ნარჩენების მართვის პრობლემები. რაც უფრო ურბანიზებული და ინდუსტრიულია ქვეყანა, მით მეტია წარმოებული პროდუქციის ნარჩენი. ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოიქმნება დაახლოებით 2,01 მლრდ. ტ მუნიციპალური მყარი ნარჩენი. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 30 წელიწადში 70%-ით გაიზრდება და დაახლ. 3,40 მლრდ-ს მიაღწევს.
საყოფაცხოვრებო და სამრეწვ. ნარჩენები უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს, შედეგად მუდმივად იზრდება ნიადაგის, წყლისა და ატმ. ჰაერის დაბინძურების არეალი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმის არსებობას.
ორ ათეულ წელზე მეტია მსოფლიო ინტენსიურად ავითარებს ტექნოლოგიებს, რ-ებიც მიმართულია ნარჩენის შემცირებისა და გამოყენებისაკენ. იმისათვის, რომ ნარჩენები იქცეს მეორეულ რესურსად, ქვეყნები ნერგავენ ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მეთოდებს, რაც ნარჩენების შემცირებასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ დახარისხებას შემდგომი გამოყენების მიზნით.
საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენთანაც მწვავედ დგას მათი მართვის საკითხი. პრობლემის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება და ნარჩენების მართვის სფეროში დაგროვებული ამოცანები გარემოს დაბინძურებისა და ჯანმრთელობის კუთხით მაღალი რისკის მატარებელი გახდა.
2021 მონაცემებით ქვეყანაში წარმოქმნილია 1 104 952 ტ ნარჩენი, მ. შ., ქალაქებში – 768 257 ტ, ხოლო სოფლად – 336 695 ტ. მუნიციპალური ნარჩენები შედგება ორგანული (54, 7%), პლასტიკის (13,8%), ქაღალდისა და მუყაოს (10,6%), ტექსტილის (4,1%), მშენებლობისა და ნგრევის შედეგად მიღებული (2,5%), მინის (2,3%), ლითონის (1,4%) და სხვა (11%) ნარჩენებისაგან.
მეორეული რესურსების გადამუშავების პრობლემების მოგვარების მიზნით საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. 2014 ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რ-შიც განსაზღვრულია არაერთი მოთხოვნა ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად. შემუშავდა და 2015 ძალაში შევიდა „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რ-იც ეყრდნობა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ისე ნარჩენების მართვის თაობაზე ევრ. პარლამენტისა და საბჭოს 2008 წ. 19 ნოემბრის (2008/98/EC), ნაგავსაყრელების შესახებ 1991 წ. 26 აპრილის (1999/31/EC) დირექტივებისა და ნარჩენებთან დაკავშირებულ ევროკავშირის სხვა საერთაშ. რეგულაციის მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშ. გამოცდილებას. ქვეყანაში ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა 20-მდე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მ. შ. ნარჩენების მართვის ეროვნ. სტრატეგია (2016–30) და ეროვნ. სამოქმედო გეგმა (2022–26). დეკლარირებული პოლიტ. კურსის მიხედვით საქართვ. ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა.
ნარჩენების მართვის სექტორის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შედეგად განისაზღვრა მათი მართვის სფეროში ჩართული სახელმწ. ორგანოების, კერძო სექტორისა და მოსახლეობის კომპეტენციები და ვალდებულებები, ასევე – ნარჩენების მართვასთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ადმ. სამართალდარღვევები; დადგინდა ფინანს. სანქციების ზღვრული ოდენობები და წესები, რ-იც შეეხება ნარჩენებთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევას. ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სადაც ჩართულია როგორც სახელმწ. ორგანოები, ისე კერძო, საგანმანათლებლო და არასამთავ-რობო სექტორი. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში დაიწყო ნარჩენების, როგორც მეორეული რესურსის, შეგროვება, რამაც გამოიწვია ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის წარმოქმნა და განვითარება. ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს სხვადასხვა სახის ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები. ამჟამად საქართველოში ნარჩენებს დაახლოებით 250-მდე კომპანია გადაამუშავებს. 100-მდე მათგანს მიღებული აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენებს გავლილი აქვს რეგისტრაცია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, დროებითი დასაწყობების, წინასწარი დამუშავების საქმიანობაზე. ქვეყანაში დღეისათვის გადამუშავდება სხვადასხვა სახის მეორეული რესურსი (ლითონი, ქაღალდი, მინა, პლასტიკი, აკუმულატორები, საბურავები, ელექტროტექნიკა, მეორეული ზეთი, მწვანე მასა და სხვ.). საქართველოში ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენების გადამუშავება ყველაზე აქტუალურია საერთაშ. ბაზარზე გადამუშავებული ქაღალდის მაღალი ფასის გამო. შეგროვებული ქაღალდის უმეტესი ნაწილი გადის ექსპორტზე. ქართ. კომპანიები ადგილ. ბაზრისთვის ძირითადად აწარმოებენ შესაფუთ მუყაოს და ჰიგიენურ ქაღალდს. პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების ჯამური საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლ. 184 000 ტ შეადგენს; ლითონის ტიპის ნარჩენები სიძვირის გამო ნაგავსაყრელზე მცირე რაოდენობით ხვდება. შავი და ფერადი ლითონის შეგროვება-დამუშავებას საქართველოში რამდენიმე კომპანია ახორციელებს; ჩვენში ყოველწლიურად გროვდება და გადამუშავდება დაახლოებით 1000 ტ-მდე მინის ნარჩენი. ქვეყანაშ ნარჩენი გადამამუშავებელი კომპანიების ჯამური საწარმოო სიმძლავრე დაბალია,თუმცა სამრეწვ. ბიზნესის აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა იზრდება და სექტორი მუდმივად ვითარდება.
ლიტ.: 2022–2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა, 2022; 2018–2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება, 2023; ნარჩენების მართვის კოდექსი (N2994-რს, 26 დეკემბერი, 2014 წ.); საქართველოს მთავრობის დადგენილება ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (N160, 2016, 1 აპრილი); 2022–2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა, 2022 წ.
კ. რუხაია