მეჟიროვი ალექსანდრე პეტრეს ძე (26. IX. 1923, მოსკოვი, – 22. V. 2009, ნიუ-იორკი, აშშ), რუსი პოეტი, სსრკ (1986) და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1987) პრემიების ლაურეატი. პირველი პოეტური კრებ. „შორი გზა“ 1947 გამოაქვეყნა. ავტორია ლექსების კრებულებისა: „კომუნისტებო, წინ“ (1950), „დაბრუნება“ (1955), „საქარე მინა“ (1961), „ლექსები“ (1973), „ძველი ცის ქვეშ“ (1976) და სხვ. მ. ნაყოფიერად თარგმნიდა ქართ. პოეზიას: გ. აბაშიძის, ხ. ბერულავას, კ. კალაძის, ა. მირცხულავას, ი. ნონეშვილისა და სხვათა ნაწარმოებებს. თარგმნა და ცალკე წიგნად გამოიცა ი. აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა“, „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1965). მ-ის თარგმანები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული („ქართველი პოეტების ლექსები“, 1952; „მეგობრების წიგნი“, 1956; „ლექსები და თარგმანები“, 1962). საქართველოსადმი მიძღვნილი მისი ლექსებიდან აღსანიშნავია „ქართული ცეკვა ხმლებით“, „გზა“, „ციხესიმაგრე“, „საგურამოს სიმღერა“ და სხვ.
მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1999).
თხზ.: ლექსები, თბ., 1960; მტკვარს დააყრუებს ზარების რეკვა, ლექსი [თარგმნა დ. კახიანმა], ლიტ. კრ. „ისინდი“, N3, თბ., 2018.