მერაბიშვილი გივი მერაბის ძე (დ. 17. VII. 1940, ახალციხე), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1991). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1964). მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში, სპი-ში (განყ-ბის გამგედ), მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტში. 1974–2006 მოღვაწეობდა თსუ-ში დოცენტი, პროფესორი). აქვე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას (1982–88); 2000-იდან არის ფსიქოთერაპიული ცენტრის, „არსის“ გენ. დირექტორი.
მ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: განწყობის ფსიქოლ., მძღოლის ფსიქოლ., საინჟინრო ფსიქოლ. და ფსიქოთერაპია. მან შექმნა ყურადღებისა და ანტიციპაციის საკვლევი ტესტები, შეიმუშავა ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთა პროფ. შემოწმებისა და ფსიქოტრენინგების მეთოდიკა. ჩამოაყალიბა საკუთარი მიმართულება ფსიქოთერაპიაში, ე. წ. ანთროპოანალიზი. მ. რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.
თხზ.: მძღოლის ფსიქოლოგია, თბ., 1977; ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა, თბ., 1999; ფსიქიკისა და სხეულის ჰარმონია. თბ., 2009; ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგია. თბ., 2016; ფსიქოთერაპია. თბ., 2018; ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპია. თბ., 2021; Взаимоотношение биологического-социального в человеке. Тб., 1990;
ი. იმედაძე