მერაბიშვილი ინესა ბესარიონის ასული (დ. 5. III. 1950, გორი), ფილოლოგი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2018). 1972 დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. მუშაობდა გორის პედ. ინ-ტში (1972–78). 1979-იდან თსუ-ის მოწვეული პედაგოგია (შემდეგ — დოცენტი, პროფესორი). 1990 იქვე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტზე, დააფუძნა უცხ. ენებისა და თარგმანის კათედრა, ხოლო 2012 — თარგმანმცოდნეობის კათედრა თსუ-ის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-რის სასწ.-სამეცნ. ინ-ტში, რ-საც დღემდე ხელმძღვანელობს.
მ-მა 1988 საქართველოში დააარსა ბაირონის საზ-ბა (არის მისი უცვლელი პრეზიდენტი), 1995 კი — ბაირონის სკოლა (ინგლ. ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლებელი, რ-ის დირექტორია დღემდე). 1995—2005 იყო ბაირონის საერთაშ. ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ენათმეცნიერებაში საერთაშ. აღიარება მოიპოვა მ-ის სწავლების მეთოდმა სიტყვის მნიშვნელობის შესახებ. ამ მეთოდმა, ტექსტის ლინგვისტიკის უახლეს მიღწევათა მისეული შემდგომი განვითარების პარალელურად, საშუალება მისცა მ-ს შეექმნა თარგმანის ახალი თეორია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მ-ის მიგნებები გ. ტაბიძის უჩვეულო შესიტყვებების გახსნის, მერის, როგორც ლიტ. სახის, დადგენისა და ინგლ. ენაზე გალაკტიონის პოეტური თარგმანების შესრულების თვალსაზრისით. ლონდონში ორჯერ აღინიშნა ქართვ. პოეტის იუბილე გალაკტიონის ბრიტანულ გამოცემათა კვალდაკვალ.
მ-მა, როგორც ბაირონის ქართველმა მთარგმნელმა და მკვლევარმა, გამოავლინა ქართვ. ქალთან დაკავშირებული ეპიზოდის არსებობა ინგლისელი პოეტის ცხოვრებაში, აგრეთვე დაასაბუთა, რომ ბაირონის მისტიკური პერსონაჟი თირზა ქართვ. ქალისადმი განცდილი გრძნობითაა შთაგონებული, რამაც სრულიად შეცვალა ამ საკითხზე ბაირონოლოგიაში არსებული წარმოდგენები. 2014 მისი ინიციატივით თსუ-ში ჩატარდა ბაირონის მე-40 საერთაშ. კონფერენცია. არის ნიუ-იორკის საერთაშ. ლინგვ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს (2018-იდან), აგრეთვე, პოსტკონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშ. კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს (დიდი ბრიტანეთი, 2011) წევრი.
მ-ს მიღებული აქვს საერთაშ. ელჩის ორდენი და წოდება (HE; აშშ, 2005); თსუ-ის მედალი (2014); ი. მაჩაბლისა (2014) და გ. ტაბიძის (2019) პრემიები; ბაირონისა (დიდი ბრიტანეთი, 2000) და ივ. ჯავახიშვილის სახ. (2020) მედლები; არის გორის საპატიო მოქალაქე (2016).
თხზ.: ბაირონი ქართულად, ლექსები, სიმართლე ბაირონის შესახებ. თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარები ინესა მერაბიშვილისა, თბ., 2002; გალაკტიონის ენიგმები, თბ., 2003; პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბ., 2005; თარგმანი – კულტურათა დიალოგი, თბ., 2005; გალაკტიონის მერი, პროტოტიპის ძიებაში, თბ., 2012; ლორდ ბაირონი, ლექსები, თარგმანი ინესა მერაბიშვილისა, თბ., 2013; ლორდ ბაირონი, შილონელი ტუსაღი, თარგმანი და წინათქმა ინესა მერაბიშვილისა, თბ., 2018; Lord Byron’s Thyrza, Tb., 2007; Galaktion Tabidze, Poems, translated by Innes Merabishvili, CCCP, Nottingham, 2011; Encounter with Lord Byron, Tb., 2014; Discover Galaktion, Galaktion Tabidze: A Selection of His Poems in a New Parallel Translation, L., 2017.
ს. მეტრეველი