მერაბიშვილი კონსტანტინე მიხეილის ძე [10 (23).VII. 1906, თბილისი, – 22. IX. 1993, იქვე], მოქანდაკე, არქიტექტორი. საქართვ. სახ. მხატვარი (1958). სსრკ სამხატვრო აკად. წ.-კორ. (1970), სტალინური პრემიის ლაურეატი (1943). თავდაპირველი სამხატვრო განათლება მიიღო მ. თოიძის „სახალხო სამხატვრო სტუდიაში“. 1925–30 სწავლობდა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. პარალელურად, მიიღო არქიტექტურული განათლებაც (პედ. – ა. კალგინი). მ. 1930-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამშ. ინ-ტში, 1934-იდან – თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების კათედრაზე (1944-იდან პროფესორი). მ. მონუმენტალისტი მოქანდაკეა, წარმატებით მუშაობდა სკულპტუ-რული პორტრეტის ჟანრშიც. საკონკურსო პროექტები: დახურული კონკურსი ს. კიროვის ძეგლზე თბილისში (1935, დაიდგა 1936, პირველი პრემია; აიღეს 1989); შოთა რუსთაველის ძეგლი თბილისში (1937, პირველი პრემია, არქიტ. შ. თულაშვილთან ერთად); საკავშ. კონკურსი გ. დიმიტროვის ძეგლზე მოსკოვში (1972, პირველი პრემია; მოქანდაკე მ. მერაბიშვილთან ერთად). მ-ს შესრულებული აქვს არქიტექტურული პროექტები, მ. შ. ქუთაისის თეატრის პირველი საკონკურსო პროექტი (1934, არქიტ. შ. თავაძესთან ერთად). ნამუშევრები: ძეგლები – ბ. ძნელაძის (ბრინჯაო, 1930, თბილისი, მოქანდაკე რ. თავაძესთან ერთად; აიღეს 1990), შოთა რუსთაველის (ქვა, მარმარილო, 1942, თბილისი, სტალინური პრემია, 1943, თანაავტ. არქიტექტურულ ნაწილში – შ. თულაშვილი), გ. ერისთავის (ბრინჯაო, გრანიტი, 1950, გორი); ვ. ი. ლენინის (ბრინჯაო, გრანიტი, 1958, ქუთაისი), მ. ფ. ახუნდოვის (ბრინჯაო, გრანიტი, 1958), ი. თარხნიშვილის (ბრინჯაო, 1971), ს. ორჯონიკიძის (ბრინჯაო, 1977, აიღეს 1989, სამივე თბილისი), გ. დიმიტროვის (1972, მოსკოვი, მ. მერაბიშვილთან ერთად), შოთა რუსთაველის (1988, უნგრეთი, მ. მერაბიშვილთან ერთად, ძეგლი თავდაპირველად დაიდგა ქ. კეჩკემეტში, 2012 გადაიტანეს ბუდაპეშტში). მ-მა თსუ-თვის შექმნა დ. მენდელეევის, ი. თარხნიშვილის, გ. ნიკოლაძის, ა. რაზმაძის (ოთხივე 1948) და სხვათა ბრინჯაოს ბიუსტები. მასვე ეკუთნის მ. თოიძის (ბრინჯაო, 1946), ი. ნიკოლაძის (ქვა, 1946), მ. სარიანის (ბრინჯაო, 1952), ო. დიმიტრიადის (1952, ბრინჯაო), გ. ერისთავის (1953), შ. ამირანაშვილის (მარმარილო, 1957), ნ. მუსხელიშვილის (1961, ბრინჯაო) და სხვ. სკულპტურული პორტრეტები. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930-იდან – ქართული სახვითი ხელოვნება (1937, მოსკოვი, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეა); დიდი სამამულო ომი (1942, თბილისი, ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა); საქართველოს სახვითი ხელოვნება (1958, მოსკოვი). მისი ნაწარმოებები დაცულია შ. ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში; დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში; თსუ-ში; გ. ლეონიძის სახ. საქართვ. ლიტ. მუზეუმში; ბორჯომისა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ა. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: შანიძე ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии, М, 1975; Майсурадзе З., Котэ Мерабишвили, Тб., 1958;
თ. გერსამია