მერაბიშვილი მერაბ კონსტანტინეს ძე (6. VII. 1931, თბილისი, – 11. I. 2022, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1980), სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1988) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1996). დაჯილდოებულია სსრკ (1961) და რუსეთის სამხატვრო აკადემიების (2001) ოქროს მედლებით. სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1949–55; იყო მამის, კ. მერაბიშვილის მოწაფე). 1961–2004 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1980-იდან – პროფესორი), იყო ხატვის კათედრის გამგე (1990–2004). მ. მოქანდაკე-მონუმენტალისტია, რ-იც ამავე დროს მუშაობდა სკულპტურული პორტრეტისა და დეკორ.-გამოყენებითი ხელოვნების დარგში. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია შესრულების რეალისტური მანერა. მ. გამარჯვებულია სხვადასხვა კონკურსში (ა. გრიბოედოვის, ერეკლე II-ის, ზ. ფალიაშვილის ძეგლები და სხვ.). ძირითადი ნამუშევრები: ა. გრიბოედოვის (1961, თბილისი, არქიტ. გ. მელქაძე); ვ. ლენინის (1969, არქიტ. ბ. ტხორი, მოსკოვი, აიღეს 2009); ერეკლე II-ის (1971, თელავი, არქიტ. თ. კანდელაკი); გ. დიმიტროვის (1972, მოსკოვი, მოქანდაკე კ. მერაბიშვილთან ერთად, არქიტ. რ. გვოზდევი); ბ. ძნელაძის (1978, ახალგაზრდული ქალაქი „ჟიული შარტავა“, არქიტ. გ. მელქაძე, აიღეს 1990); პეტრე ბაგრატიონის ძეგლი თბილისსა (1984, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი) და მოსკოვში (1999, არქიტ. ბ. ტხორი), აგრეთვე შოთა რუსთაველის (მოქანდაკე კ. მერაბიშვილთან ერთად, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი; ძეგლი 1988 დაიდგა უნგრეთის ქ. კეჩკემეტში, მოგვიანებით გადაიტანეს ბუდაპეშტში, 2011); ნ. ბოგოლიუბოვის (2001, ქ. დუბნა, რუსეთი); ვ. ვეკსლერის (2012, ქ. დუბნა, რუსეთი) ძეგლები. დაზგური ქანდაკება: კომპოზიცია „ძირს იარაღი“ (1959), ნიუ (1968), ტორსი (1974), „ქალიშვილი“ (1975), „წმინდა ნინო“ (1988), ბარელიეფი „თამარ მეფე“ (1999) და სხვ.; სკულპტურული პორტრეტები: ბოგდან ხმელნიცკი (1954) (1959), გ. აზმაიფარაშვილი (1961), ოპიზარი (1963); ხუროთმოძღვარი არსუკისძე (1965), ი. ჯორჯაძე (1970), ე. მანჯგალაძე (1976), ნ. ამაღლობელი (1995), არქიმედე (1997), ე. ხარაძე (1997), ა. თავხელიძე (1997), ვ. აზარაშვილი (2011), თ. გამყრელიძე (2011) და სხვ.; გრაფიკული ნამუშევრები: ნახატების სერია (1974–98). 1956-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (1987, მოსკოვი), „საბერძნეთი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნაწარმოებებში“ (1998, საქართვ. ეროვნ. გალერეა, თბილისი) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეაში (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).
ლიტ.: შანიძე ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии, М, 1975; Merab Merabishvili, sculpture, decorative applied arts (album). Text by David Andriadze – „Insuperable Past“, Tb., 2015.
თ. გერსამია