მერე

მერე, დედათა მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, იხსენიება გიორგი მერჩულის თხზულებაში. „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების“ მიხედვით, მეფის მიერ კლარჯეთში ერისთავად დადგენილმა არტავაზმა ააშენა სამი ეკლესია: „დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა“. ამ ცნობიდან გამომდინარე, პ. ინგოროყვა ვარაუდობდა, რომ მ-ის ეკლესია  აიგო V ს-ში, ხოლო სამონასტრო ცხოვრება აშოტ I-ის დროს დაიწყო.

რთული სათქმელია, რამდენად არის შესაძლებელი ვახტანგ გორგასლის ეპოქაში აშენებული ეკლესიისა და შემდგომი ეპოქის მ-ის გაიგივება. გარდა იმისა, რომ ბუნდოვანია ფორმა „დაბა მერისა“, ზოგადად „მერე“ გავრცელებული ტოპონიმია ძვ. საქართველოში და განსაკუთრებით, მის სამხრ-ში (ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, სწორ, ვაკე ადგილს ნიშნავს).

1904 კლარჯეთში მოგზაურობისას ნ. მარმა იმერხევში ორი ადგილი ნახა: მ. სოფ. წყალსიმერთან და დიდმერე სოფ. სურევანთან. ტოპონიმი „მერე“ კარჩხლის ხეობაშიც, მიძნაძორისა და წყაროსთავის სექტორში დადასტურდა, თუმცა მონასტრის ლოკალიზაციის საკითხი მკვლევარმა ღიად დატოვა. თანამედროვე მკვლევართა (მ. ფაღავა, მ. ჩოხარაძე) აზრით, მ. მდებარეობდა კარჩხლის ხეობაში, მიძნაძორს აღმა, ადგილ „მერეს“ ტერიტორიაზე. დღეს აქ სამონასტრო ნაგებობების არანაირი კვალი არ ჩანს, რასაც ისინი წყალდიდობით ხსნიან. შავშეთში არის სოფ. მერია და ერთი მოსაზრებით, მონასტერიც იქ მდებარეობდა (თ. ხუციშვილი და სხვ.). მართალია, გიორგი მერჩულესთან პირდაპირი მითითება არ გვაქვს, მაგრამ კონტექსტიდან თითქოს ნათლად ჩანს, რომ მ. კლარჯეთშია საგულვებელი. ნიშნეული მატერიალური კვალის არარსებობის გამო მ-ის დედათა მონასტრის მდებარეობის საკითხი გადაჭრილად ვერ ჩაითვლება.

გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების ეპოქაში დაარსებულ მონასტრებს შორის ორი იყო დედათა მონასტერი – მ. და გუნათლის ვანი. გიორგი მერჩულე სავანის დაარსების საკითხზე მკაფიო ცნობას არ გვაწვდის. ვიგებთ მხოლოდ, რომ IX ს-ის დამდეგს მ-ში მკვიდრდება სამცხიდან მოსული დედა ფებრონია. მონასტრის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა ყოფილა, მოძღვრები კი ხანცთის საძმოდან ჰყოლიათ. სწორედ მ-ის მონასტერში ჩააბარა დედა ფებრონიას გრიგოლ ხანძთელმა „სიძვის დედაკაცი“, რ-იც არტანუჯიდან, აშოტ კურაპალატის სასახლიდან წამოიყვანა. ორმოცი წლის განმავლობაში მ-ის ხუცესი იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მატოი. მისი მიცვალების ჟამს მონასტრის დეკანოზი დედა თემესტია ყოფილა. ამ დროს სავანეში ასევე მოღვაწეობდა დაყუდებული მონაზონი ანატოლე (ანტონიოსი). მონასტრის მომდევნო პერიოდის შესახებ აღარაფერია ცნობილი.

წყარო: გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. 1, ილია აბულაძის რედ., თბ., 1963; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ჩოხარაძე მ., ხანძთა და „ათორმეტ სავანეთა“ მხარის ძველი სალოცავები, ბათ., 2015; ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2016; ტაო-კლარჯეთი, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, რედ. ბ. კუდავა, თბ., 2018; Марр Н., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, СПб., 1911.

ნ. ხიზანიშვილი