მერემეთუხუცესი, მერემეთა უფროსი. მ-ს ჩაბარებული ჰქონდა საგანგებო დაწესებულება – სარემო. მ. ამირსპასალარს – სამხედრო უწყების ხელმძღვანელს (შედიოდა მეფის სავაზიროს „სამთა ვაზირთა“ ჯგუფში, ათაბაგის შემდეგ) ექვემდებარებოდა.
„ჴელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მეფის კარზე პურობისას მ. სუფრის ბოლოს იჯდა ფარეშთუხუცესთან ერთად, მათ ქვემოთ მეჯინიბეები ისხდნენ, სხვა შემთხვევაში კი დიდი დროშის უკან, კართან იდგა. მ. საგდებელს („საბელი შორით შესატყორცი რემათა შესაპყრობად“ – ს.-ს. ორბელიანი) ატარებდა.
ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., „ჴელმწიფის კარის გარიგება“, თბ., 1920; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003.
ი. უჯმაჯურიძე