მერიქიფე, მწდე (სამართ. ისტ.), გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოს სამეფო კარის მოხელე, რ-საც სუფრაზე ღვინის მიწოდება ევალებოდა. მ. მერიქიფეთუხუცესისა და მეითრის ხელქვეითი მოხელე იყო. იგი შეიძლებოდა საპატიო კაცის შვილი ყოფილიყო. სადედოფლო „დასტურლამალის“ მიხედვით, მ. მეღვინეთუხუცესის სახელოში შედის და მისი მოვალეობა ღვინის ჩამოსხმა და მირთმევაა. სამეფო „დასტურლამალის“ მიხედვით კი ღვინის მირთმევა მეღვინეთუხუცესის და მეღვინის მოვალეობაა, ხოლო მ. მეითრის (მეფის პირადი მსახური) ხელქვეითია („მეითარი ... მერიქიფეს ამსახურებდეს“) და მეფეს ემსახურება. ვ. გაბაშვილი მიიჩნევდა, რომ მ. მეფეს მხოლოდ სახელმწიფო ოთახებში და ხალვათხანაში ემსახურებოდა, დარბაზობასა და პურობაში კი არ მონაწილეობდა.
წყარო: დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა (პ. უმიკაშვილის რედ.), ტფ., 1886.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1934, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952.