მერკანტილიზმი 

მერკანტილიზმი  (იტალ. Mercante – ვაჭარი), ეკონომიკური დოქტრინების სისტემა, რომელიც ეროვნული სიმდიდრის ზრდისა და ადგილობრივი მეწარმეების ინტერესების დაცვის მიზნით მოითხოვს საგარეო ვაჭრობაში სახელმწიფოს აქტიური მფარველობითი  (პროტექციონისტული) პოლიტიკის გატარებას. მ. აღმოცენდა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალ პერიოდში და ფეოდალიზმის წიაღში წარმოშობილი ბურჟუაზიის ინტერესებს გამოხატავდა.

მ-ის განვითარებაში გამოიყოფა ორი ძირითადი ეტაპი:  ადრინდ. მ. (XV–XVI სს.) ეფუძნებოდა „ფულადი ბალანსის“ თეორიას, გვიანდ. მ.  (XVI–XVII სს.) კი – „ვაჭრობის ბალანსის“ თეორიას.  მოგვიანებით წარმოიშვა სახელმწიფო მ. – პროტექციონიზმი  (XVII ს. ბოლო  – XIX  ს. დასაწყისი).  

ადრინდ. მ-ის წარმომადგენლები (ნ. მაკიაველი, უ. სტაფორდი, ჟ. ბოდენი) ფულადი სიმდიდრის გაზრდას წმინდა საკანონმდებლო წესებით მოითხოვდნენ. მათი აზრით, ქვეყანაში ფულის დასაგროვებლად აუცილებელი იყო ფულის, ოქროსა და ვერცხლის საზღვარგარეთ გატანის აკრძალვა, საქონელთა ექსპორტის ზრდა და იმპორტის შემცირება, ამ ფულით სამამულო საქონლის შეძენის გაფართოება და სხვ.

გვიანდ., ანუ განვითარებული მ-ის წარმომადგენელთა (ა. სერა, ჯ. ჰეილსი, თ. მენი, ა. მონკრეტიენი, ჟ.-ბ. კოლბერი) აზრით, ქვეყანა მით უფრო მდიდარია, რაც უფრო აქტიურია მისი სავაჭრო ბალანსი. ისინი სიმდიდრეს ფულით საზღვრავდნენ და მიაჩნდათ, რომ ფულის ბრუნვა ქვეყანაში მეტი ფულის შემოტანით უნდა დაჩქარებულიყო.  ასევე მოითხოვდნენ საგარეო ვაჭრობის ტემპების ზრდას და ქვეყნის დადებითი სავაჭრო ბალანსის უზრუნველყოფას ექსპორტის უპირატესი განვითარებით. ამასთან ერთად მხარს უჭერდნენ ისეთ პროტექციონისტულ პოლიტიკას, რ-იც დაემყარებოდა  უცხ. საქონლის იმპორტზე ტარიფის გაზრდას და სამამულო საქონლის ექსპორტის წახალისებას.

სახელმწიფო მ. ოფიც. ეკონ. დოქტრინა გახდა ინგლისში (XVII ს. ბოლო პერიოდიდან), ავსტრიაში, შვედეთში, საფრანგეთში (XVII  ს-იდან), რუსეთში (XVIII ს. პირველი მეოთხედიდან) და სხვ. XIX ს. I ნახ-იდან მ-ს უწოდებენ პროტექციონიზმს, რ-იც გულისხმობს შემზღუდავი ზომების (იმპორტზე საბაჟო მოსაკრებლები, იმპორტული კვოტები და სავაჭრო ემბარგო, საექსპორტო პროდუქციის წარმოების სუბსიდირება, სავალუტო კონტროლი, პროდუქციის უსაფრთხოების სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, პროდუქტის სტანდარტიზება, შეღავათიანი სესხების გაცემა ადგილ. მეწარმეებზე) დაწესებას ეკონომიკის მართვაში. იგი დღემდე გამოიყენება ცალკეული ქვეყნების ეკონ. პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

საქართველოში მერკანტილისტურ-პროტექციონისტული შეხედულებები  ადრეული პერიოდიდანვე იკვეთება.  თვალსაჩინო სახელმწ. მოღვაწე და მეცნიერი იოანე ბატონიშვილი (1768–1830) თხზულება „კალმასობაში“ ემხრობა მერკანტილისტურ-პროტექციო-ნისტულ პოზიციებს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის გამდიდრებისათვის აუცილებელია ზოგადად ვაჭრობის, განსაკუთრებით კი საგარეო ვაჭრობის წახალისება ვაჭრებისთვის დაბალსარგებლიანი სესხების გაცემით. ამასთან ერთად  ის  დადებითად ახასიათებს ვაჭრობაში აქტიურად ჩართულ ქვეყნებს, მაგრამ გმობს ქვეყანაში მაღალი საბაჟო გადასახდელების დაწესებას, რაც  იმ დროისთვის, უდავოდ, პროგრ. პოზიცია იყო. ქართვ. პოლიტ. მოღვაწე ა. ამილახვარი (1750–1802) ნაშრომში „ბრძენი აღმოსავლეთისა“ (თავი 5: „ვაჭართა შესახებ“) იწონებს ვაჭრობის ფართოდ განვითარებას, რ-იც „ამდიდრებს და აძლიერებს სახელმწიფოს“. მის შეხედულებებში გამოკვეთილია მერკანტილისტური დოქტრინის ელემენტები: ქვეყანა ვერ განვითარდება ვაჭრობის გარეშე; ვაჭრობა სიმდიდრის მოპოვებისა და სახელმწიფოს, ქვეყნის ძლიერების წყაროა. ამასთანავე მან მოითხოვა თავისუფალი ვაჭრობის განვითარების წახალისება, რაც ასევე მ-სკენ  გადადგმული ნაბიჯი იყო.

ლიტ.: სილაგაძე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2010;  ხარიტონაშვილი ჯ.,  ეკონომიკური აზრის ისტორია, თბ., 2019.

ა. სილაგაძე