მერკვილაძე გიორგი ივლიანეს ძე (1. I. 1914, სოფ. ჯონია, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპ-ი, – 21. IV. 1997, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1968), მეცნ. დამს. მოღვაწე (1977). დაამთავრა სოხუმის პედ. ინ-ტი (1947) და სკკპ ცკ-თან არსებული საზ. მეცნ. აკადემია (1952). იყო გაზ. „კომუნისტის“ რედაქტორი (1952–53), გამომც. „სახელგამის“ დირექტორი (1953–56), ალმანახ „კრიტიკის“ მთ. რედაქტორი (1972–82), რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. ინ-ტის საბჭ. ლიტ-რის განყ-ბის ხელმძღვანელი (1976-იდან), დირექტორის მოადგილე (1979-იდან). პირველი ნარკვევები 1932 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „სოციალისტური რეალიზმის შესახებ“ – 1954. მ-ის კვლევის მთავარი საგანი იყო უახლესი და თანამედროვე ქართ. ლიტ-რის აქტუალური პრობლემები. ამ საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები: „პოეზია და ხალხი“ (1956), „ლიტერატურა და ცხოვრება“ (1959), „თანამედროვე ქართული რომანი საზღვარგარეთ“ (1960, რუს. ენაზე), „თანამედროვე ქართული რომანი“ (1965), „გრიგალას სიმღერა – მ. გორკი. ცხოვრება და შემოქმედება“ (1968), „რომანი და ეპოქა“ (1973), „ფიქრები პოეზიაზე“ (1975), „წერილები თანამედროვე მწერლებზე“ (1979), „შთაგონება მხატვრისა“ (1980) და სხვ. თარგმნიდა მ. გორკის, ა. იაკოვლევის, ვ. არდამატსკის და სხვათა ნაწარმოებებს. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).