მერკვილაძე გიორგი ნოშრევანის ძე [1(13). VIII. 1898, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 1987)], სპორტსმენი (ტანვარჯიში), ფიზკულტ. და სპორტის დამს. მოღვაწე (1967), სსრკ-ის სპორტის დამს. ოსტატი (1943), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1957). XX ს. 20-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი ტანმოვარჯიშე საქართველოში. ვარჯიში დაიწყო გიმნაზიაში, 1918-იდან ეწეოდა სამწვრთნელო საქმიანობას. იყო ქართ. დივიზიის ინსპექტორი სპორტში (1921–25). საქართველოში უმაღლ. სპორტ. განათლების, სამეცნ.-კვლ. მუშაობისა და ბავშვთა შორის სპორტ. მუშაობის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე, ფიზკულტ. უმაღლ. საბჭოს სამეცნ.-ტექ. კომიტეტის თავ-რე (1924–30). 1933 მისი უშუალო მონაწილეობით თსუ-ში გაიხსნა ფიზკულტ. ფაკ-ტი, 1934 – სსრკ-ში პირველი სპორტ. სკოლა თბილისში.
ავტორია თხზულებებისა „ქართული მოძრავი თამაშობანი“ (1922), „ფიზიკური კულტურის მეთოდიკის საკითხები დაწყებით სკოლაში“ (1949), „ფიზიკური აღზრდა დაწყებით კლასებში“ (1980). მ-ის სახელი ეწოდა მისივე დაარსებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს. მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.