ევლახიშვილი სერგო ივანეს ძე (1872, თბილისი, – 1946, იქვე), მომღერალი (ბარიტონი), საქართვ. დამს. არტისტი (1925). მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა იტალიაში (მილანში, მეცადინეობდა პროფ. ვიდალთან). 1897-იდან „ბრუნეტის" ფსევდონიმით შემოიარა იტალიის ქალაქები, მღეროდა ოპერებში: „ფაუსტი", „ტრუბადური", „ერნანი" და სხვ. 1899-იდან გამოდიოდა რუსეთში, შემოიარა რუსეთის ქალაქები, ციმბირი, ეწვია აზერბაიჯანსაც (ბაქო). მღეროდა კერძო თეატრებში, სახალხო სახლებში. 1900-იდან 6 სეზონი იმღერა თბილისში. თავისი რბილი, ხავერდოვანი ბარიტონით, შესრულების დახვეწილი მანერით ღირსეული პარტნიორობა გაუწია 1912 თბილისში იტალიიდან საგასტროლოდ ჩამოსულ სახელგანთქმულ მომღერალ ე. თარხნიშვილს ოპერა „ფაუსტში". 1913 ხელმძღვანელობდა კავკასიის მოგზაურ საოპერო დასს. 1914–28 თბილ. სახელმწ. ოპერის დირექტორი და საოპერო დასის ხელმძღვანელი იყო (ამ პერიოდში დაიდგა პირველი ქართ. ორიგინალური ოპერები: რ. გოგნიაშვილის „ქრისტინე", ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე").
ლიტ.: ც ა მ ც ი შ ვ ი ლ ი ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962.