მერცბახერი  გოტფრიდ

მერცბახერი  გოტფრიდ (9. XII. 1843, ბაიერსდორფი, –14. IV,  1926. მიუნხენი), გერმანელი გეოგრაფი, ალპინისტი და მოგზაური.  სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა  მამის კვალს გაჰყოლოდა და ტყავის დამუშავებას მიჰყო ხელი. პროფესიის სრულყოფისათვის გაემგზავრა ლონდონში, პარიზსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. 1868 მიუნხენში მ-მა  გახსნა ბეწვეულის მაღაზია. ვაჭრობამ მას დიდი მოგება მოუტანა, მაგრამ 1888  გაყიდა კუთვნილი ფირმა და მთელი თავისი ენერგია, ცოდნა და კაპიტალი მაღალი მთების შესწავლას მიუძღვნა. ამ პერიოდში მან კავკასიაში ორი ექსპედიცია მოაწყო  ცენტრ. (1891) და აღმ. (1892) კავკასიონზე. მისი მოგზაურობა დაიწყო სვანეთიდან. დალაშქრა უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი, თებულო, დიკლოს მთა და იალბუზი; მოინახულა მდ. რიონის სათავეები და ბაქსანის ხეობა; ალპინიზმის  ისტორიაში  პირველი ავიდა დონღუზ-ორუნის (4454 ) ჩრდ. ქედზე, ჯიმარაი-ხოხზე (4780 ), თებულოს მთასა (4493 ) და კომიტოზე (4261 ).

იმოგზაურა ასევე ხევსურეთისა (ამღა, გურო, შატილი, არდოტი და სხვა), თუშეთის (ომალო, დართლო, გირევი, ჩიღო, დიკლო) სოფლებში, გადავიდა ჩრდ. კავკასიაში, მოიარა დაღესტნისა და ოსეთის მთების, დასახლებული პუნქტები და დაბრუნდა თბილისში, საიდანაც  სამშობლოში გაემგზავრა.

კავკასიაში ორი მოგზაურობის შედეგად შეკრებილი ვრცელი მასალა  მ-მა შეიტანა ორტომეულში „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“. გამოცემა გამოირჩევა მეცნიერულად ღირებული მასალის სიუხვით, სადაც მოცემულია მაღალმთიანეთის გეოლოგია, კლიმატი, უღელტეხილების (ჯვარი, მამისონი, დათვისჯვარი, როკი) გეოგრ.  და სტრატეგიული მდებარეობა,  მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა. მ-მა დაგვიტოვა კავკასიის მწვერვალების შთამბეჭდავი ფოტოები და უდიდესი სიზუსტით შედგენილი ტოპოგრაფილი რუკები. წიგნში გამოყენებულია კავკასიის ბუნების და იქ მცხოვრები ხალხის ყოფის ამსახველი ილუსტრაციები და მდიდარი ფოტომასალა. შექმნა ცენტრ. კავკ. პირველი სრულყოფილი რუკა, რ-იც დღემდე  ნებისმიერი მოგზაურის თუ მთამსვლელის აუცილებელი ატრიბუტია.

მ-მა კავკასიის ექსპედიციის შემდეგ  იმოგზაურა აფრიკასა და ინდოეთში, გამოიკვლია ტიან-შანის მყინვარები, აღმოაჩინა ხან-ტენგრის გრანდიოზული მწვერვალები, რამაც მას  მსოფლო აღიარება მოუტანა.

ალპინიზმსა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მ-ს მიენიჭა მრავალი ჯილდო და პრემია. მიუნხენში მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ ქუჩას, ყირგიზეთში კი – მის მიერ აღმოჩენილ ტბას.

                                                                                                     ხ. მამისიმედიშვილი