მერცხალა სოკო

მერცხალა სოკო, გველის სოკო (Coprinus comatus). ქუდიანი სოკო კოპრინუსისებრთა ოჯახისა. მ. ს-ს თეთრ ქუდის ცილინდრული ფორმა აქვს, ბოლო კი რამდენადმე გაშლილია (სიგრძე 4–10 სმ, სიგანე 3–6 სმ), ზედაპირი დაფარულია ქერცლით. ფირფიტები თავდაპირველად  თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი, მომწიფებისას — შავი. ფეხი თეთრია, ძირში გამსხვილებული, აქვს მოძრავი საყელო. მომწიფებისას ქუდი ფირფიტებთან ერთად ლღვება — იშლება შავ სითხედ (ძველად მას მელნად ხმარობდნენ). საკვებად გამოიყენება ნორჩი. მ. ს. იზრდება მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, დანაგვიანებულ და ნაკელიან ადგილებზე.

ი. ნახუცრიშვილი