მერცხლისებრნი (Hirundinidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10–23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. საქართველოში მობუდარი გადამფრენია ქალაქის მერცხალი (Delichon urbica), სოფლის მერცხალი (ლათ. Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (Riparia riparia), მთის მერცხალი (Ptyonoprogne rupestris), წელწითურა მერცხალი (Hirundo daurica). მ-თა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მ. იკვებებიან მწერებით, რ-საც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ ერთი სახეობა ჭამს ღვიის კენკრას.
რ. ჟორდანია