მერჯულე, მერჩულე ღვთისმეტყველი, რჯულის სწავლული მსახური, რელიგიური მოძღვრებისა და საეკლესიო სამართლის მცოდნე, სარწმუნოების ავტორიტეტული მქადაგებელი, მასწავლებელი. ასევე ნიშნავდა ერთმორწმუნეს, იმავე სარწმუნოების აღმსარებელს.
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში მ. მოხსენიებულია როგორც უფლებამოსილი პირი, ხელისუფალი, სამართლებრივი ძალმოსილების მქონე. ხალხურ (ჩვეულებითი) სამართალში მ. ადათ-წესების მცოდნე, „კითხული“ კაცია, რ-საც სადავო საქმეების გარიგებისას „ბჭედ“, ანუ სოფლის მოსამართლედ ირჩევდნენ.
ლიტ.: ითონიშვილი ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XIV–XVIII საუკუნეებში, თბ., 2000. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963. ხიზანიშვილი ნ., რჩეული იურიდიული ნაწერები, თბ., 1982.
ი. უჯმაჯურიძე