მესა (ფრანგ. messe, გვიან ლათ. missa), ღვთისმსახურება კათოლიკურ ეკლესიაში, წირვა (მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეესაბამება ლიტურგია). ძირითადად სრულდება ლათ. ენაზე [ვატიკანის II კრებამ (1962–65) ნება დართო ჩატარდეს ადგილ. ენებზე]. მ-ს საფუძვლად უდევს რიტუალი, რ-იც სიმბოლურად გამოხატავს ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლოს. როგორც მუს. ჟანრი, მ. ციკლურ-ვოკალური ან ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოებია, რ-იც ამ ღვთისმსახურებას (მ-ს) თან ახლავს. მ-ის ნაწილს კითხულობენ ან წარმოთქვამენ რეჩიტატივით (ლოცვანი), ნაწილი კი საგალობლებია. საგალობლებს, რ-ებსაც მ-ის დროს ყოველთვის უცვლელად ასრულებენ „ჩვეულებრივი მესა“ (The mass ordinary) ეწოდება, ხოლო საკვირაო ან სადღესასწაულო დღეებში შესასრულებელს – „განსაკუთრებული მესა“ (Missa propria). თავდაპირველად მ-ის საგალობლები ერთხმიანი იყო. მისი საფუძველი გრიგორიანული ქორალი იყო. მრავალხმიანობის განვითარებასთან ერთად ზოგიერთმა კომპოზიტორმა პოლიფონიურად დაამუშავა მ-ის საგალობლები. აღორძინების ეპოქაში მ. მუს. ხელოვნების ყველაზე მონუმენტურ ჟანრს წარმოადგენდა. მისი ძირითადი მუს. სტრუქტურა ორდინარულია და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: 1. Kirie eleison – უფალო შეგვიწყალე, 2. Gloria in excelsis Deo – დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, 3. Credo – მრწამსი, 4. Sanctus – წმინდაო, 5. Benedictus – კურთხეულ არს, 6. Agnus dey – ღვთის კრავი. „ჩვეულებრივი მ-ის“ ტექსტების გამშვენება ხდებოდა „განსაკუთრებული მ-ის“ ორიგინალური მონოდიური ან პოლიფონიური (კომპოზიტორის მიერ დამუშავებული) გალობით. თუ ღვთისმსახურებისას „ჩვეულებრივი მ-ის“ ტექსტი მთლიანად იმღერება, ასეთ მ-ს „საზეიმო მ.“, ან „მაღალი მ.“ ეწოდება, ხოლო თუ ტექსტი სრულად ან ნაწილობრივ იკითხება, მას „დაბალი მ.“, ანუ „მოკლე მ.“ (missa brevis) ეწოდება. კომპოზიტორის მ-ის უმეტესი ნაწილი დაწერილია ორდინარული ტექსტით. ადრეული ნიმუშები თარიღდება XIV ს-ით, მ. შ. ერთ-ერთი პირველი საავტორო მ. ეკუთვნის ფრანგ კომპოზიტორ გ. დე მაშოს (1300–77). XIV ს. ბოლოსთვის „ჩვეულებრივი მესის“ ორდინარულმა ტექსტებმა მუს. ჟანრებში წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა. უმეტესი მ-ები დაწერილია cantus firmus-ზე (უკვე არსებული მელოდია, რ-იც მოცემულია ერთ-ერთ ხმაში და პოლიფონიური კომპოზიციის საფუძველი ხდება). XVI ს-ში ნასესხები მელოდია შეერწყა ახლად შექმნილს, ორიგინალურს და ეწოდებოდა მ.-პაროდია. ამ ტიპის მ-ებს ვხვდებით ჯ. პალესტრინასა და ო. ლასოს შემოქმედებაში. ასევე გავრცელდა მ.-პარაფრაზები, სადაც თავისუფლად იყენებდნენ გრიგორიანულ ქორალს. XVII–XVIII სს-ში გავრცელდა მ-ები საორკესტრო ან ცალკეული სოლირებული ინსტრუმენტული თანხლებით, სადაც ზოგიერთი ხმის შესრულება ევალებოდა სოლირებულ ხმას. ასე გაჩნდა მ.-კანტატა. ვენის კლასიკოსებისა და რომანტიკოსების შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორკესტრს. მ-ის ჟანრს ვხვდებით XX ს. ი. სტრავინსკის, ლ. ბერნსტაინის, ფ. პულენკის, ა. პიარტის და სხვათა შემოქმედებაში. მათ მ-ებს შორეული კავშირი აქვთ ღვთისმსახურებასთან ან საერთოდ არ აქვთ. შვედ კომპოზიტორს ფ. სიქსტენს დაწერილი აქვს „მესა ჯაზის სტილში“ (1996). 2006 ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიაში პირველად ჩატარდა მ. მეტალიკური მუსიკის თანხლებით. მსგავსი ღვთისმსახურება ფინეთის სხვა ეკლესიებშიც გამეორდა. ამ ტიპის მ-ს ეწოდა „მეტალიკური“. საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა შემდეგი სახის მ-ები: მ. cantus firmus-ზე, მ.-პაროდია (მოტეტების, შანსონების, მადრიგალების და სხვათა საფუძველზე), კანონიკური მ., მ.-პარაფრაზი, მ.-კანტატა, რეკვიემი (მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი მ.), missa votiva (ექსტრაორდინარული, მ., რ-იც არაა დაკავშირებული საეკლ. კალენდართან. მაგ., ქორწინება, ომში გამარჯვება და სხვ.), მეტალიკური მ. მ. გვხვდება ზ. ფალიაშვილის შემოქმედებაში. საბჭ. პერიოდში, ცხადია, მ-ის ჟანრს ქართ. კომპოზიტორები ვერ შეეხებოდნენ, მხოლოდ XX ს. 90-იანი წლებიდან ჩნდება სასულიერო მუს. ჟანრები (გ. შავერზაშვილის მ. შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის; 1999).
ლიტ.: Иванов-Борецкий М. В., «Очерк истории мессы», М.., 1910; Jungmann J.A. Missarum Sollemnia. Eine genetische Erklӓrung der römischen Messae. B. 2. – W., 1948; 5. Aufl. – W.: Bonn, 1962; Nohl P.-G. Lateinische Kirchenmusiktexte. Ṻbersetzung Geschichte Kommentar. Kassel, Basel: Bӓrenreiter, 200; Yudkin j. Musik in Medieval Europe. Prentice Hall, 1989.
მ. ჯაფარიძე